მთავარი აზია ავღანეთი ბაგრამის სამხედრო ბაზა - ისტორია და მომავალი

ბაგრამის სამხედრო ბაზა – ისტორია და მომავალი

ბაგრამის სამხედრო ბაზა 20 წლის განმავლობაში ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გული იყო.

ეს სამხედრო ბაზა იყო პატარა ქალაქი  და დედაქალაქ ქაბულიდან მხოლოდ ერთი საათის სავალზეა. თავდაპირველად, ეს სამხედრო ბაზა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის გამო შურისძიების სიმბოლო იყო, შემდეგ კი ავღანეთის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი სამხედრო პუნქტი.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მეთაურობის წარმომადგენელთა განცხადებით, ბაგრამის სამხედრო ბაზის ნახევარი უკვე დაცლილია, ეს პროცესი კი დიდი ალბათობით 4 ივლისს დასრულდება.

ბაგრამის სამხედრო ბაზაზე არსებულ ავია ბაზას კი ავღანეთის არმია ჩაიბარებს. თალიბანთან დაპირისპირებისას ბაგრამის სამხედრო ბაზა ავღანური არმიისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

ბაგრამის სამხედრო ბაზის დატოვება სიმბოლური მნიშვნელობისაა ვინაიდან ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უცხო სახელმწიფოს არმია ამ პროცესს გადის.

ავღანეთის არმიის ყოფილი გენერალი საფიულა საფი ამბობს, რომ ბაგრამის სამხედრო ბაზის მომავალი საეჭვოა.

“ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქვეყნის დატოვების ფონზე, თუკი ავღანეთში მშვიდობა დაისადგურებს, ბაგრამის სამხედრო ბაზა ავღანეთის არმიისათვის ძალზედ გამოსადეგი ბაზა იქნება. ბაგრამის სამხედრო ბაზის მეშვეობით მთელი ქვეყნის კონტროლია შესაძლებელი. თუკი ომი დაიწყება, ბაგრამის ბაზა ტერორისტების სამიზნე აუცილებლად გახდება”, – აცხადებს ავღანეთის არმიის ყოფილი გენერალი საფიულა საფი.

ნატოსა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაგრამის სამხედრო ბაზა 2001 წელს დანგრეული ჩაიბარეს, სამხედრო ბაზა თალიბანსა და სხვა სამხედრო დაჯგუფებებს შორის სამხედრო დაპირისპირებისას დაზიანდა.

თალიბანის ქაბულიდან განდევნის შემდეგ საერთაშორისო კოალიციამ ბაგრამის სამხედრო ბაზა აღადგინა. ბაგრამის სამხედრო ბაზა კი გასული საუკუნის 50 – იან წლებში საბჭოთა არმიამ ააშენა.

“საბჭოთა არმიამ, ავღანეთის დატოვებისას, მთელი მისი შეიარაღება აქ დატოვა, მათ მიერ ავღანეთში დატოვებული შეიარაღება მოიცავდა როგორც საჰაერო, მძიმე და სარაკეტო შეიარაღებას, ეს არსენალი კი ქვეყნის კომუნისტურმა ხელისუფლებამ გამოიყენა”, – აცხადებს ავღანეთის არმიის ყოფილი გენერალი საფიულა საფი.

1979 წელს ავღანეთში შეჭრის შემდეგ კი ბაგრამის სამხედრო ბაზა საბჭოთა არმიის მთავარი სამხედრო ბაზა იყო, სწორედ ამ სამხედრო ბაზიდან აკონტროლებდა ოკუპანტი მთელს სახელმწიფოს. საბჭოთა არმიამ ავღანეთი 10 წლის შემდეგ, 1989 წელს დატოვა. საბჭოთა არმიის უკანდახევიდან 3 წლის შემდეგ, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი მთავრობა დაეცა, ქაოსი კი 1996 წელს თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებით დასრულდა.

ამერიკის შეერთებული შტატების არმია ავღანეთის ხელისუფლებას სამხედრო თვალსაზრისით ეხმარება მაგრამ ბაგრამის სამხედრო ბაზაზე არსებული ამერიკული სამხედრო ტექნიკის ნაწილი თავად ამერიკელებმა გაანადგურეს.

“ბაგრამის სამხედრო ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა ამერიკულმა მხარემ გაანადგურა, მათ ზოგიერთი შენობაც კი ააფეთქეს. ჩვენ ამერიკელებს ბევრჯერ ვთხოვეთ ტექნიკის გადმოცემა მაგრამ მათ ყოველ ჯერზე უარი გვითხრეს”, – განაცხადა ბაგრამის რაიონის გუბერნატორმა დარვაიშ რაუფმა

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ავღანეთიდან წასვლა მთელს ავღანეთზე მოახდენს გავლენას.

“თუკი თალიბანი ალ ქაიდას სტრატეგიას განაგრძობს და ამავე დროს მსოფლიო არაფერს მოიმოქმედებს, ავღანელ ერს წინ დიდი ტრაგედია ელის. ეს კი ამერიკის შეერთებულ შტატებზეც უარყოფითად იმოქმედებს. ამერიკელებმა აქ 20 წელიწადი გაატარეს და ამ 20 წლის განმავლობაში ბევრი ფული და სისხლი გაიღეს”, – აცხადებს ავღანეთის არმიის ყოფილი გენერალი საფიულა საფი.

ბევრი ავღანელისთვის სახელი ბაგრამი მხოლოდ სამხედრო ბაზასთან არ ასოცირდება. ბაგრამში მდებარეობდა ციხე რომელიც საკუთარი სისასტიკით მხოლოდ გუანტანამოში მდებარე ციხეს ჩამოუვარდებოდა.

“როდესაც სახელი ბაგრამი მესმის, ყურში უდანაშაულო ადამიანების გოდება ჩამესმის. მე ვნახე მოხუცებისა და ბავშვების ტკივილი, მათ არსად ჰქონდათ წასასვლელი და ბაგრამის ციხეში იყვნენ გამომწყვდეულნი“, – ამბობს ბაგრამის ციხის ყოფილი პატიმარი ზაბიულაჰ.

2001 წლიდან მოყოლებული ბაგრამის სამხედრო ბაზაზე 100 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა იმსახურა.

უახლესი

სხვა ამბები

ბაგრამის სამხედრო ბაზაბაგრამის სამხედრო ბაზა
Send this to a friend