მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა დებატებით დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა დებატებით დასრულდა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, პარლამენტის წინაშე ანგარიშის წარდგენას რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციური პარტიებისა და  მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დებატები მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის ანგარიშს უადგილოდ პოზიტიური უწოდეს. მათ პოლიტიკური დებატებისას ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის საგარეო ვალზე, კორუფციასა და ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე.

“საუბარი არ იყო იმ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემდა ჩვენს მოქალაქეებს. ძირითადი დრო დაეთმო ტრაბახს. ირაკლი ღარიბაშვილი ცინიკურად ამბობს, რომ თურმე ათწლიანი გეგმა აქვს. ამ დროს კი ადამიანებს აინტერესებთ ათი წუთის შემდეგ რა იქნება იმიტომ,რომ ოჯახები ჰყავთ გამოსაკვები, ბავშვები ჰყავთ მშიერი”,- განაცხადა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

 

“ვერაფრით ვხვდები ღატაკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ასეთი სადღეგრძელოთი როგორ უნდა გამოდიოდეს, რომ თითქოს მომავალში ყველაფერი გაასმაგდება”,- ამბობს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

“ბოლო ცხრა წელია ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, რომ ქვეყანა ვერ მიდის წინ და მე ძალიან კონკრეტული ციფრებით ავუხსენი პარლამენტის წევრებს, რომ ეკონომიკა არ გაზრდილა ერთ სულ მოსახლეზე, გაიზარდა ვალები”,- განაცხადა პარტია “ლელო-საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

პოლიტიკური დებატების დასრულების შემდეგ კი თავად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა  და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა.

“ოპონენტებისგან სხვა რა უნდა მომესმინა თუ არა აბსურდული ბრალდებები. ისინი ამბობდნენ, რომ მე თითქოს შინაარსისგან დაცლილი ხედვა წარვადგინე მაშინ, როცა დეტალურად ვისაუბრე ყველა მიმართულებაზე, დეტალურად კიდევ ერთხელ შევახსენე ჩვენ თავს თუ რამხელა პროგრესი გვქონდა ბოლო წლებში. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომოები, პირიქით ჩვენც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიშვია დანაშაული”, – განცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს წარუდგინა, თუმცა იმის გამო, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურის შესრულება ვერ მოხერხდა, რიგგარეშე სხდომა ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend