მთავარი ბრიუსელის ბიურო ახალი კანონის მიხედვით, 2050 წლისთვის ევროკავშირი სრულად უნდა გათავისუფლდეს ნახშირორჟანგის ემისიებისგან

ახალი კანონის მიხედვით, 2050 წლისთვის ევროკავშირი სრულად უნდა გათავისუფლდეს ნახშირორჟანგის ემისიებისგან

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კლიმატის კანონი, რომლის მიხედვით, 2050 წლისთვის ევროკავშირი ნახშირბადნეიტრალური უნდა გახდეს. ახალი კანონის მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ კანონის აღსრულებას საკმაოდ მაღალი ფასი ექნება ქვეყნების მთავრობებისა და მოქალაქეებისთვის, რადგან შესაძლოა, ამან ახალი გადასახადების დაწესება და პროდუქტების გაძვირება გამოიწვიოს.

ევროპარლამენტმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირმა 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწიოს. ევროპის პარლამენტის წევრებმა ხმათა უმრავლესობით ხუთშაბათს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი აქტიურად უნდა ჩაერთოს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებმაც კანონი შეიმუშავეს, ეს დიდი გამარჯვებაა.

ევროპარლამენტარი იუტე გუტელანდი კმაყოფილია კანონის მიღებით. როგორც იგი აღნიშნავს, ეს დასაწყისია იმ გზისა, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ადგას. მათი მიზანია, ევროკავშირი ნახშირბადნეიტრალური კავშირი გახდეს, რაც ძალიან სასიხარულოა.

კანონის მიხედვით, 2030 წლისთვის, 1990 წელთან შედარებით, სათბურის აირების ემისიები სულ მცირე 55%-ით უნდა შემცირდეს. ევროპის პარლამენტის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

ევროპარლამენტარი პასკალ კანფინი ამბობს, რომ ეს კომპრომისია, რადგან პარლამენტს შეეძლო, გაეგრძელებინა მუშაობა სხვა საკითხების ირგვლივაც,  თუმცა, მისი თქმით, ამ კანონის მიღებით ისინი ამ ათწლეულში ორნახევარჯერ უფრო სწრაფად წაიწევენ წინ, ვიდრე წინა დეკადაში.

კლიმატის კანონის გათვალისწინებით, შეიქმნება მრჩეველთა სამეცნიერო კომიტეტი, რომლის მიზანი იქნება ევროპული პოლიტიკის თანამიმდევრულობისა და იმ პროგრესის შეფასება, რომლიც ევროკავშირს ექნება. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა  ყველა მხარის დასარწმუნებლად. მწვანეთა პარტიაში აღნიშნავენ, რომ მიღებული კანონი ვერ უზრუნველყოფს გლობალური დათბობის 1.5  გრადუსით შემცირებას.

ევროპარლამენტარ მაიკლ ბლოსის განცხადებით, თუ გაითვალისწინებენ კლიმატის კანონის პუნქტებს, ტემპერატურა 2-დან 3 გრადუსამდე მოიმატებს. შესაბამისად, ეს კანონი არ შეესაბამება პარიზის შეთანხმებას.

კონსერვატორები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებას საკმაოდ მაღალი ფასი ექნება მოქალაქეებისა და მთავრობებისთვის და დროთა განმავლობაში გადასახადების გაზრდასა და პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

მიღებულ დოკუმენტს ეწინააღმდეგება ევროპარლამენტარი ანა ზალევსკაც. მისი თქმით, დოკუმენტი არარეალურია, რადგან ამისათვის სახსრები ჯერ არ არსებობს. შესაბამისი დაფინანსების გარეშე კი შეუძლებელია ცვლილებების გატარება. ანა ზალევსკა აცხადებს, რომ კლიმატის კანონში გათვალისწინებულია წესები და შეზღუდვები, რომლებიც ახალი გადასახადების შემოღებასა და პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

ევროკომისია ივლისში მწვანე შეთანხმების ფარგლებში წარადგენს  დამატებით შეთავაზებებს, რომლებიც კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირებას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend