ტელეფონი, საათი, ყურსასმენი, მიკროფონი, გასაღებიც კი, ეს ის ნივთებია, რომლებიც თითქმის ყოველთვის თან გვაქვს და თითქმის ყველა ამ ნივთს, ფუნქციონირებისთვის ბატარეა სჭირდება.
არსებობს ბატარეების ბევრი სხვადახვა ფორმა და ტიპი, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად მაგრამ უკლებლივ ყველა, გამოყენების შემდეგ, ტოქსიკური ხდება.
ლითიუმი, ტყვია, კობალტი, ნიკელი, თუთია, კადმიუმი — ეს და სხვა ლითონები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანისთვის. მათ ორგანოების დაზიანება, ასევე, კიბოსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ.
ორგანიზაცია „პარკი არ მინდა“ არაკომერციული ეკო-საგანმანათლებლო პროექტია, რომლის შექმნის იდეაც 2019 წელს დაებადა ორ მეგობარს. ისე, შემთხვევით, საუბარს მოჰყვა, როცა ყავას სვამდნენ და ეკოლოგიურ პრობლემებზე ლაპარაკობდნენ. მათი მიზანია ხალხს ურჩიონ, როგორ შეიძლება შეამცირონ ნარჩენები და საქართველოში უფრო ეკომეგობრულად იცხოვრონ.
[br]„როდესაც ბატარეები გარემოში ხვდება ისინი აბინძურებენ ნიადაგს, წყალს. ისინი ცეცხლსაშიშებიც არიან, როდესაც ბატარეებიდან ნივთიერებები გამოჟონავს, ის შეიძლება აფეთქდეს და ჰაერშიც გამოაფრქვიოს მავნე ნივთიერებები. ამ სახის ნარჩენების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია“, — აცხადებს ორგანიზაცია „პარკი არ მინდას“ დამფუძნებელი ტატიანა რემნევა.
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის, ევროსტატის ბოლო 2018 წლის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაყიდული პორტატული ბატარეების 48 პროცენტი, ანუ თითქმის ნახევარი გადასამუშავებლად შეგროვდა.
საქართველოში ამჟამად არ ხდება ბატარეების გადამუშავება, თუმცა ეს, შესაძლოა, შეიცვალოს. ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ნარჩენების მართვის ახალი მოდელისთვის საკანონმდებლო საფუძველი მომზადდა, შეიქმნა არაერთი ანალიტიკური, თუ დამხმარე დოკუმენტი.
საკანონმდებლო ცვლილებები 2020 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიით შექმნილი ვითარების გამო იგი ძალაში ერთი წლით გვიან შევა. მწარმოებლების გაფართოებული ვალდებულებები ბატარეების გარდა ნარჩენი ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვასაც მოიცავს.
„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება არის ფართო ცნება აქ იგულისხმება იმპორტიორი, ბაზარზე განმთავსებელი, დისტრიბუტორი და, რა თქმა უნდა, მწარმოებელიც. იგულისხმება, რომ ყველა არის პასუხისმგებელი რომ შემდგომში ესენი ეგრედწოდებულ მწარმოებლის გაფართოებულ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ და სწორედ ეს ორგანიზაცია გაუკეთებს ამ პროცესებს რეგულირებას, რათა ის ნარჩენი გარემოში არ აღმოჩნდეს“, — აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტ გიორგი გულიაშვილის თქმით, საქართველოში უკვე არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ასეთ ნარჩენებს აგროვებენ, მაგრამ მათ ეს მასალა გადასამუშავებლად ქვეყნის გარეთ გააქვთ. თუმცა ცხადია, რომ ეს ძვირია.
„თუ გადაწყვეტენ რომ ელემენტები კერძო კომპანიებს ჩააბარონ, მათ მოუწევთ გარკვეული თანხის გადახდა, თუმცა როგორც ვიცი რამდენიმე დიდ სუპერმარკეტში და ჰიპერმარკეტში შესაგროვებელი ურნები დგას, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ მცირე ზომის ელექტრომოწყობილობები მათ შორის ბატარეებიც და არ მოუწევთ თანხის გადახდა, თუ ასეთ ურნას იპოვიან“, — აცხადებს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების მოდელში ჩართვა კომპანიებს ნებაყოფლობით ახლაც შეუძლიათ, თუმცა ეს კანონმდებლობა სავალდებულო მომავალი წლიდან გახდება. მანამდე კი გამოყენებული ბატარეების დიდი ნაწილი, კვლავ ურნებსა და ნაგავსაყრელებზე სხვა ნარჩენებთან ერთად იყრის თავს.