ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში ერთმანეთს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდნენ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ვაშინგტონში ამჟამად სამუშაო შეხვედრებს პოლიტიკური ლიდერები მართავენ, მათ შორის არიან პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები. ვაშინგტონში იმყოფებიან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მისი ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. შეხვედრებს მართავს გიორგი გახარიაც პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან ერთად.
გახარიასა და სააკაშვილის სავარაუდო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. გამოქვეყნებულ კადრებში მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი ჩანს. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა, ნამდვილად შეხვდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს. ყოფილმა პრემიერმა თავის ოფიციალურ ფეისბუკზე გამოაქვეყნა დამონტაჟებული ფოტო, რომ თითქოს გახარია, სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად არიან. მას 12 ათასზე მეტი რეაქცია და ათას ოთხასზე მეტი კომენტარი მოჰყვა. ფოტოს თან ახლავს წარწერა „არა ჩადებას“.
[br]
ფოტო გამოაქვეყნა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. ის სასტუმრო „მეიფლაუერის“ წინ დგას, ფოტოს კი ახლავს წარწერა: „გახარიას ველოდები“.
გახარიასა და სააკაშვილს შორის შეხვედრას უარყოფენ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისე პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები. პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა:
„ტყუილებით, fake-ით, “დეზ”-ებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს! მაშინ, როდესაც ვაშინგტონში უკვე შევხვდით საქართველოს ნამდვილ მეგობრებს. და დღეს უკვე ვხვდებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს“, – აღნიშნავს ქემოკლიძე.