მთავარი საქართველო ომბუდსმენის წლიური ანგარიში

ომბუდსმენის წლიური ანგარიში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში მოხსენებით წარსდგა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეპუტატების წინაშე წარსდგა და წლიური ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენის მოსმენა პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ გაიმართა. 2020 წლის თითქმის ხუთას გვერდიან ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა კრიტიკულად და ნეგატიურად შეაფასა ადამიანის უფლებების დაცვა, ბავშვთა ყოფა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობა. ნინო ლომჯარიამ ევრონიუს ჯორჯიას უთხრა, რომ ყველა ეს შეფასება სათანადოდ შესწავლილი და დასაბუთებულია.

“2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. საქმის მასალები გაცნობის შედეგად დგინდება, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს – 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო“, – აღნიშნავს საქართველოს სახალხო დამცველი.


სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანაზე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც.

ჩვენი ყველა შეფასება ეფუძნება კვლევასა თუ ფაქტებს, ამიტომ ის მყარადაა მოცემული სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.”, – აცხადებს ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.

საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის საქმიანობას დადებითად აფასებს. მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ომბუდსმენის აპარატს ებრძვის და მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

„რასაც სახალხო დამცველი აკეთებს, ამ ქვეყანაში ნამდვილად სჭირდება გამბედაობა. ის ხმამაღლა საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე და აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომელიც თავის მხრივ აიგნორებს ნინო ლომჯარიას შენიშვნებს და პირიქით მასზე და სახალხო დამცველის ინსტიტუტზე შეტევას სხვადასხვა გზებით და მარგინალური ჯგუფების დახმარებით ახორციელებს. ოპოზიცია სახალხო დამცველის აპარატის გვერდით დგას და ხელისუფლებას არ გაუვა მასთან ბრძოლა“, – ამბობს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ხათუნა სამნიძე.

მმართველი პარტიის დეპუტატები ამბობენ, რომ სახალხო დამცველს ხელისუფლების მხრიდან სრული ხელშეწყობა აქვს, თუმცა ომბუდსმენს პოლიტიკურ მიკერძოებასა და დაუსაბუთებელი განცხადებების გავრცელებაში ადანაშაულებენ.

“სახალხო დამცველის ანგარიში ხელისუფლების მისამართით უფრო კრიტიკულია, ვიდრე ოპოზიციის მიმართ. როცა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობის ვადა ამოეწურება, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში შევიდეს. რაღაც ნამეტანი მიდრეკილია, რომ ოპოზიციის მიმართულებებით მოხდეს ანგარიშში წარმოჩენა, ცალკეული დარღვევების და გამოწვევების, ხოლო მეორე მხარეს, ვინც მაგალითად, ქართული ოცნების, ან მმართველი პარტიის მხარეს დგას, ის ნიველირებულია. არის გონივრული ეჭვი, რომ ეს გამიზნულად კეთდება. გამოწვევებთან ერთად წარმატებებზეც უნდა ილაპარაკოს, ჩვენ გაგვიხარდება და ჩავთვლით, რომ ობიექტურია”,-თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

ომბუდსმენის მონაცემებით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა. ნახსენებია გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების გამოძიებისას დაშვებული მძიმე შეცდომები და ხარვეზები. ამის გარდა, 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend