მთავარისაქართველო1999 წელს დადგენილი მინიმალური ხელფასი - 20 ლარი დღემდე ძალაშია

1999 წელს დადგენილი მინიმალური ხელფასი – 20 ლარი დღემდე ძალაშია

არასამთავრობო სექტორი ცვლილებებისთვის მზადებას იწყებს

90-იან წლებში, როდესაც საქართველოში მინისტრის ხელფასიც კი დღევანდელი გადმოსახედიდან ღიმილის მომგვრელი იყო, ქვეყანაში მინიმალურ ანაზღაურებად თვეში 20 ლარი დაწესდა.

1999 წელს ბრძანებას ხელი მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა.

ეს დადგენილება დღემდე ძალაშია და მას შემდეგ არც ერთი მომდევნო ხელისუფლების დროს არ შეცვლილა.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სამოქალაქო სექტორთან, და „პროგრესის ცენტრთან“ ერთად, ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებისთვის მზადებას იწყებენ.

„დღესაც მოქმედებს 1999 წელს პრეზიდენტის მიერ მიღებული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარია. ეს სასწრაფოდ გადასახედი და შესაცვლელია. ამიტომ, ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირების გაერთიანებები, რომ შევუწყოთ ხელი ამ სამარცხვინო ჩანაწერის მალე შეცვლას“, – აცხადებს „პროგრესის ცენტრის წარმომადგენელი მარიამ კუსიანი.


მინიმალური ხელფასის არსებულ ზღვარს ჩვენს მიერ გამოკითხული საზოგადოების ნაწილი ერთგვაროვნად აფასებს.

[br]ამბობენ, რომ დღევანდელი სოციალური და საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, ეს ზღვარი 20 ლარზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს. მათი უმრავლესობა მინიმალურ ოდენობად, ქვეყანაში დაწესებული საარსებო მინიმუმის ზღვართან გატოლებას მიიჩნევს.

საკანონმდებლო ორგანო კი რომელმაც ამ ცვლილებაზე უნდა იმუშაოს და დღემდე ეს საკითხი არასდროს დაუყენებია, ახლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების შესრულებითაა დაკავებული. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის ზღვარი უნდა გაიზარდოს, თუმცა ეს ყველაფერი ბიზნესთან კონსულტაციითა და აქტიური განხილვების შემდეგ უნდა მოხდეს.

„როდესაც ასეთი ჩანაწერი ჯერ კიდევ არსებობს კანონში, რომ მინიმალური ხელფასი 20 ლარია, ეს არის მოქალაქეების დაცინვა და სამარცხვინო პოლიტიკური საქმიანობის შედეგი. დღემდე არავინ დაინტერესებულა შეეცვალა ეს მდგომარეობა. ცხადია, რომ ამის ასე დატოვება არის სრული ნონსენსი“, – ამბობს პარლამენტის ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე.

დეპუტატები მმართველი პარტიიდან ამბობენ, რომ საინტერესო ინიციატივის შემთხვევაში ამ თემაზე იმსჯელებენ. თუმცა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ხელფასის მინიმალური მოცულობის განსაზღვრისას, დიდ ცვლილებებს არ აანონსებენ.

„მეც გეთანხმებით, რომ 20 ლარი ძალიან დაბალი ხელფასია. მირჩევნია, რომ მინიმალური ხელფასი 2000 ლარი იყოს, თუმცა ჩვენი ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი. ნამდვილად არაადეკვატურია 20 ლარი, მაგრამ 10-ჯერ და 20-ჯერ ზრდასაც არ უნდა ველოდოთ“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე.

მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესების ფონზე, მინიმალური ხელფასის საკითხის დაძვრა, სამოქალაქო და არასამათავრობო სექტორის გააქტიურებით გამოიხატა. მხარეები ახლა სხვადასხვა შეხვედრების შემდეგ, კონკრეტულ ინიციატივას პარლამენტში შეიტანენ. თუმცა, ჯერ უცნობია რა ზღვარი შეიძლება დაწესდეს მინიმალურ ხელფასად. გაუტოლდება თუ არა საარსებო მინიმუმს ეს მონაცემი, თუ უფრო მაღალი ან დაბალი იქნება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend