მთავარისაქართველო„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ორი წლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ორი წლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

როგორ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში – ბოლო ორი წლის მონიტორინგის შედეგები პარლამენტში დღეს, 16 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ წარადგინა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ამ მიმართულებით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზეც.

კვლევა კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომლის თანახმად საპარლამენტო კონტროლის პროცესში ოპოზიციის როლი უნდა გაიზარდოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდეს და ის უფრო გამჭვირვალე გახდეს.

პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს საქართველოს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება მთავრობას მიანდო – სწორედ ეს იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ერთ-ერთ მთავარი მიგნება, რომელზეც დღეს პრეზენტაციაზე ისაუბრა.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ კოვიდპანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა.

[br]ასევე, როგორც ანგარიშში წერია, პარლამენტის არცერთ კომიტეტში არ ჩატარებულა ისეთი სხდომა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს შეეხებოდა.

„ფაქტობრივად, როდესაც კრიზისული სიტუაციებია, პარლამენტი პასიურია. ჩვენ პანდემია გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პანდემიასთან დაკავშირებული დისკუსიები, მაშინვე, როდესაც პანდემია დაიწყო, არ ყოფილა ორგანიზებული. ასევე, როდესაც საქმე შეეხება ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ბორდერიზაცია, ამ შემთხვევაშიც ვხედავთ, რომ პარლამენტში არანაირი დისკუსია, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, არ გამართულა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს  საპარლამენტო ოპოზიციაც ეხმაურება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, პარლამენტს მთავრობაზე მკაცრი კონტროლი უნდა ჰქონდეს.

„პარლამენტი არის უფუნქციო, კომიტეტის სხდომებზე შემოდით და ნახეთ, იმდენად უპასუხისმგებლოდ, მოუმზადებლები მოდიან მთავრობის წარმომადგენლები, ელემენტარულად, მათსავე ანგარიშში რაც არის წარმოდგენილი, სტატისტიკურ ციფრებს არ გვეუბნებიან. აი, მარტივ მაგალითს გეტყვით – სკოლა, რამდენი გარემონტდა?  რამდენი დაგვრჩა გასარემონტებელი? – ეს მარტივი სტატისტიკა არ აქვს განათლების სამინისტროს და რეგიონალურ განვითარების სამინისტროს, როცა სასკოლო დაწესებულებების რემონტის ანგარიშით მოდის“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ახალ რეგლამენტში პარლამენტმა საგულისხმო ცვლილებები განახორციელა, რისი საშუალებითაც მთავრობაზე საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება.

„დღევანდელ პარლამენტში, როდესაც ოპოზიცია სრულად არის წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და, სადაც არის საჭირო ზედამხედველობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება“, – თქვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოპოზიციური პარტიების ჩართულობის მიმართულებით გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობები წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend