მთავარიმსოფლიოNATOბრიუსელში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს კვლავ უჭერენ

ბრიუსელში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს კვლავ უჭერენ

საქართველოს საკითხი NATO-ს სამიტზე და ალიანსში წევრობის პერსპექტივები – ქართველი პოლიტიკოსები ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს აფასებენ.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კომუნიკეში სიახლეს ვერ ხედავენ, რადგან, მათი თქმით, უკვე წლებია, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები კეთდება.

ისინი ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

„ძალიან კარგია, რომ NATO-ს სამიტზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი სახელმწიფო, თუმცა ამავე დროს უნდა ითქვას – დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩანაწერი – ჩვენ NATO-ს წევრი გავხდებით, არ დარჩეს ჩანაწერად“, – განაცხადა ფრაქცია „ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

[br]„ჩვენმა მეგობრებმა სწრაფად უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის საგზაო რუკის მინიჭების თაობაზე, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, რუსეთი ყოველთვის შეეცდება, შექმნას დამატებითი წინაღობები. ამიტომ მხოლოდ განცხადება, რომ საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი, ეს აღარ არის საკმარისი. ეს პირიქით, რუსეთის მხრიდან პროვოკაციების გაზრდას იწვევს“, – აღნიშნა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

NATO-ს რიგით 31-ე სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გლობალური მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე იმსჯელეს.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები საქართველოს სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად.

„ჩვენ არასდროს შევეგუებით იმას, რომ საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ოკუპირებულია. ვაგრძელებთ საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას და მათ შორის არის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. საქართველო არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი. ის კი, თუ როდის დადგება საქართველოს NATO-ში შესვლის დრო, წევრი ქვეყნებისა და თავად საქართველოს გადასაწყვეტია. მე ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს NATO-თან კიდევ უფრო დააახლოებს“, – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ადის.

„ის თემა, რომ NATO-ს კარი ღიაა და როდის შევალთ და როდის გადავლახავთ იმ ბარიერს, იწვევს ინტერპრეტაციების მთელ რიგს. არის კონკრეტული გზა, კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული სტანდარტები და ამ სტანდარტების დონეზე, ვფიქრობ, საქართველო შეეჯიბრება NATO-ს ნებისმიერ წევრ ქვეყანას“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

პრეზიდენტი მიესალმება NATO-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ.

ბრიუსელში NATO-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში ნათქვამია, რომ NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend