მთავარისაქართველო"უკანასკნელი მისამართი"

“უკანასკნელი მისამართი”

“უკანასკნელი მისამართი” ასე ჰქვია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტს, რომლის მიზანია საბჭოთა ხელისუფლების წლებში პოლიტიკური რეპრესიებისა და სახელმწიფოს თვითნებობის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფა.

დღეს, 11 ივნისს,  „უკანასკნელი მისამართის“ მემორიალური ნიშანი ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმში კედელს მიამაგრეს.

“უკანასკნელი მისამართი საქართველო”- ეს ორგანიზაცია დავაფუძნეთ 2017 წელს. ეს არის ქსელის ნაწილი პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ინიციატივის, რაც გულისხმობს, რომ საბჭოთა და კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა უკანასკნელი მისამართის მონიშვნა მოხდეს საჯარო სივრცეში იმ სახლების ფასადებზე, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, საიდანაც წაიყვანეს და შემდეგ ისინი გაანადგურა ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიულმა მანქანამ”, – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი ხვადაგიანი.

მემორიალურ ნიშანზე ცარიელ ადგილს შეამჩნევთ. ეს კი შემთხვევითი სულაც არ არის. პროექტის ორგანიზატორების თქმით, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებს შეეწირნენ, არიან ისეთებიც, რომელთა ფოტოც კი არ არის შემორჩენილი.

[br]ეს ცარიელი ადგილები ამ დაკარგული ფოტოების სიმბოლოა და რეპრესირებულთა მიმართ  პატივისცემას გამოხატავს.

“ტიციან ტაბიძის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ სხვა ასიათასობით ადამიანის სახელიც კი აღარავის ახსოვს. ესეთი დაფებით მათ პატივს მივაგებთ და ახალ თაობებს გავახსენებთ თუ რას წარმოადგენდა კომუნისტური რეჟიმი”, – განაცხადა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ.

„მე, შესაძლოა ცოცხალი აღარ ვიყო, მაგრამ შენ არასდროს შეგრცხვება მაშინ, როცა სხვები ჩემს სახელს ახსენებენ“- როგორც პოეტის შვილიშვილები ამბობენ, ეს სიტყვები ტიციან ტაბიძემ თავის შვილს უთხრა, სანამ დასახვრეტად წაიყვანდნენ. მათი თქმით, ბოლო დროს პოეტის სახლ-მუზეუმს საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავს.

“აინტერესებთ რა ცხოვრება ჰქონდა ტიციან ტაბიძეს, ვისთან ჰქონდა კავშირები და ამიტომ ძალიან კარგია ის, რაც დღეს გაკეთდა. ამ მემორიალურ დაფაზე ყველაფერი წერია. ის თუ როდის დაიბადა ტიციან ტაბიძე და როდის დახვრიტეს”, – ამბობს ტიციან ტაბიძის შვილიშვილი, გივი ანდრიაძე.

ნინო ანდრიაძემ კი მოგვითხრო იმაზე თუ რა მდგომარეობაში იყო მისი ბაბუა მანამ, სანამ დასახვრეტად წაიყვანდნენ.

“დარწმუნებული იყო, რომ სულ მალე მოვიდოდნენ მის წასაყვანად. ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ მის მეუღლეს, ნინოს, ეშინოდა თავი არ მოეკლა”, – იხსენებს ტიაციან ტაბიძის შვილიშვილი ნინო ანდრიაძე.

მსგავსი პროექტები, როგორებიც, მაგალითად – „უკანასკნელი მისამართია“ აღმოსავლეთი ევროპის სხვა  ქვეყნებშიც ხორციელდება.

ამით ახალ თაობებს ახსენებენ, თუ რა ტრაგიკული მოვლენები გამოიარა  ყველა იმ ქვეყანამ, რომლებსაც კომუნისტური რეჟიმი მართავდა.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend