მთავარიUnreported Europeემუქრება თუ არა მედიის თავისუფლებას საფრთხე სლოვენიაში?

ემუქრება თუ არა მედიის თავისუფლებას საფრთხე სლოვენიაში?

ყოველ პარასკევს სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ასობით დემონსტრანტი იკრიბება პარლამენტის წინ რათა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის იანეზ იანშას მიმართ გულისწყრომა გამოხატოს.

ერთ დღეს აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა პალესტინელების მიმართ გამოხატა სოლიდარობა  და მთავრობის მიერ ისრაელ-პალესტინის ბოლო კონფლიქტში ისრაელის მხარდაჭერა გააპროტესტა. თუმცა როგორც  სხვა ყოველკვირეულ დემონსტრაციაზე, პრესის თავისუფლება მაინც პროტესტის მთავარი თემა იყო.

სარა შტიგლიცი, აქციის მონაწილე ჟურნალისტიკის სტუდენტი:

„სლოვენიის მთავრობა ჩვენთვის კარგს არაფერს აკეთებს. ისინი ყველაფრის დანგრევას ცდილობენ. მათ მედიის განადგურება სურთ.  როგორც მომავალი ჟურნალისტი, ძალიან შეწუხებული, გაბრაზებული და სევდიანი ვარ.“

ბლაჟ ზგაგა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია. მას შემდეგ, რაც  პანდემიის დასაწყისში მთავრობის მიერ შექმნილი კრიზისის მართვის ჯგუფი გააკრიტიკა, ამ ჟურნალისტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ტალახის სროლის  კამპანია გაჩაღდა. ლანძღვის ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ტვიტერზე განთავსდა  ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი ანონიმური კომენტარი, რომელიც კრიზისის მართვის გუნდმა თავის ანგარიშშზე გადააზიარა.

ბლაჟ ზგაგა, გამომძიებელი ჟურნალისტი:

„ამ ტვიტის შემდეგ სლოვენიის მთავრობის პროპაგანდისტებმა ჩემზე დაიწყეს წერა, ამბობდნენ, რომ მე მტრული ძალების მიერ მართული ჟურნალისტი და მატყუარა ვარ. შემდეგ მუქარების, სიკვდილით დამუქრების სერია წამოვიდა.“

პრესის თავისუფლების დამცველი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებების შემდეგ, ევროკომისიამ სლოვენიის მთავრობას ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვა მოსთხოვა.

 
ბლაჟ ზგაგა ყვება, რომ ამის მერე თითქმის ყველა მუქარა ერთბაშად შეწყდა, თითქოს ვიღაცამ ღილაკზე ხელის დაჭერით გამორთო. „ რაც იმას მიანიშნებს, რომ ამ ღილაკს ჯერ ჩასართავად დააჭირეს თითი,“ – ამბობს ჟურნალისტი.

[br]ეს ბრალდება სლოვენიის ულტრაკონსერვატული პრემიერ-მინისტრის მისამართით არის ნათქვამი. იგი ერთი წლის წინ მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ სულ მედიას აკრიტიკებს.  სამთავრობო საიტებზე  პრემიერი მედიას ტყუილის მონოპოლისტად მოიხსენიებს.

ეს პოლიტიკოსი, რომელსაც მეტსახელად „ტვიტერის მარშალი“ შეარქვეს, ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, რომ სოციალურ მედიაში ის ჟურნალისტი გააკრიტიკოს, რომელიც არ მოსწონს.

ბოლო  პროტესტი პრესის ეროვნული სააგენტო  STA-ისთვის  სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას მოჰყვა. ამ ამბავმა ევროკომისიის გულისწყრომაც გამოიწვია.

მთავრობის განმარტებით, დაფინანსება იმიტომ შეწყვიტა, რომ სააგენტომ ყველა საჭირო საბუთი არ წარადგინა. სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ტყუილია. სააგენტოს მთავარი რედაქტორის თქმით, სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, რომელიც სააგენტოს შემოსავლის ნახევარია, ამ ორგანიზაციის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ბარბარა შტრუკელი, სლოვენიის პრესის სააგენტოს მთავარი რედაქტორი:

“წელს ევროპულ საბჭოში სლოვენიის პრეზიდენტობის წელია და თან ქვეყანა დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ამიტომ ფინანსების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის რამდენიმე სარედაქციო პროექტს და თვითონ სააგენტოს განვითარებაში ინვესტირებას.“

წელს სახელმწიფო დაფინანსება რამდენიმე მედიასაშუალებასაც შეუწყდა, მათ შორის ისეთებს, რომლებიც მთავრობას ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. ისინი თვლიან, რომ ასე იმ ხმების ჩახშობას ცდილობენ, რომლებიც მთავრობის პოლიტიკას არ ეთანხმებიან.

კულტურის სამინისტრო, რომელიც მედიასექტორზეა პასუხისმგებელი, უარყოფს ამ ბრალდებას.

სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებსაც ჩვენ შევხვდით, ამტკიცებენ, რომ თანხების გაცემა წარდგენილი პროექტების ხარისხზე იყო დამოკიდებული და არავითარი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია.

მიტია ირშიჩი, სლოვენიის კულტურის სამინისტროს პრესმდივანი:

«ეს მედიატენდერია. მედიასაშუალებებმა დაფინანსება რომ მოიპოვონ, კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუმცა წინა ხელისუფლების დროს ყველა მედია იღებდა რაღაც წილს. სამინისტროს ექსპერტულმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს უფრო მერიტოკრატული გზით უნდა გაკეთდეს.“

ურსულა მენიჰ დოკლი, კულტურის სამინისტროს მედიის დირექტორატის გენერალური დირექტორი:

„ჩვენი მიზანია, რომ კარგი შინაარსის შექმნას შევუწყოთ ხელი, რათა ამა თუ იმ საკითხზე   მრავალფეროვნება და აზრთა სხვადასხვაობა უზრუნველვყოთ.“

სლოვენ ჟურნალისტთა უმეტესობა კი თვლის, რომ ეს მედიის გაკონტროლების სურვილია.

სწორედ ეს მოსაზრებაა გავრცელებული სლოვენიის ეროვნულ ტელეარხ RTVS-ზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მუდმივად ყალბი ამბების გავრცელებასა და მთავრობის უსაფუძვლო კრიტიკაში ადანაშაულებს.

ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც იგი ოპოზიციას ხელმძღვანელობდა, ქალი ჟურნალისტები მისი კრიტიკის მთავარი სამიზნე იყვნენ. ამ არხის ერთ-ერთი ტელეწამყვანი ქალი ხშირად იყო სოციალური ქსელებისა და იანეზ იანშას პარტია SDA-სთან დაკავშირებული მედიაგამოცემების თავდასხმის ობიექტი.

იელენა აშჩიჩი, RTV SLOVENIJA-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი:

„ეს წნეხი ძალიან სახიფათოა,  რადგან, როდესაც გადაცემაში  რომელიმე თემის გაშუქებაზე ფიქრობ, იმასაც უწევ ანგარიშს, რა მოჰყვება შედეგად, ფიქრობ იმ თავდასხმებზე, რომლებიც ამ თემას მოჰყვება და უფრო უსაფრთხო თემას ირჩევ. ამ თავდასხმებს  თვითცენზურამდე მივყავართ, რაც უკვე ძალიან დიდი პრობლემაა სლოვენიაში.“

ამ არხის საპარლამენტო პროგრამის წამწყვანი კი თვლის, რომ სოციალურ მედიაში თავდასხმები ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია. იგი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას უარყოფს.

იგორ პირკოვიჩი, RTV SLOVENIJA-ს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი:

„ჟურნალისტს შეუძლია კრიტიკა და ისინი მოქმედ ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ. ამ მხრივ არავითარი დაბრკოლება არ არის და ამას არც რამე შედეგი მოჰყვება. ჟუნრალისტები გარკვეული წნეხის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ეს წინა ხელისუფლების დროს იყო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ჟურნალისტისთვის ის წნეხია, რომელიც მედიასაშუალების მფლობელებისგან მოდიოდა და ისევ მოდის.“

ეს მოსაზრება სლოვენიის იმ წამყვან მედიასაშუალებების მიმართ არის ნათქვამი, რომელთაც იანეზ იანშა მემარცხენეეებსა და მთავრობის მოწინააღმდეგეებს უწოდებს. მათ საპირწონედ პრემიერის  მოკავშირეებმა საკუთარი მედიაქსელები შექმნეს, რომელთაც ზოგჯერ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის რეჟიმთან დაახლოებული უნგრელი ინვესტორები ეხმარებიან. ასეთია „ნოვა 24 ტივი“ [Nova24 TV], რომელსაც კრიტიკოსები უკიდურესად მემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევრობას აბრალებენ.  ამ არხის მთავარ რედაქტორს მიჰყავს პროგრამა „ვინ გატყუებს?“, რომელიც პანდემიის დასაწყისიდან გადის ეთერში.

ბორის ტომასიკი, Nova24TV-ის პროგრამების დირექტორი და  მთავარი რედაქტორი:

„ჩვენი წამყვანი მედიასაშუალებები წარმოუდგენლად ბევრ ყალბ ამბავს ავრცელებდნენ და ავრცელებენ. ამიტომ  მე ამ მანიპულაციისა და ტყუილის მეორე მხარეს, სიმართლეს ვაჩვენებ, ანუ ვაჩვენებ, როგორ მანიპულირებენ.“

გამომძიებელი ჟურნალისტი პრიმოჟ კირმანი ახლახან ამ პროგრამის ერთ-ერთი სამიზნე იყო. იგი იმ ჟურნალისტური გამოძიების ავტორია, რომელმაც იანეზ იანშას პარტიის დაფინანსების სკანდალური საკითხი გამოააშკარავა. ამ სკანდალში, სავარაუდოდ, პრემიერის ერთ-ერთი მრჩეველიც ფიგურირებს. მისი და მისი ონლაინგამოცემის „მედია ცენზურის გარეშე“  ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ 39 საქმე აღიძრა ცილისწამების ბრალდებით. საჩივრები იმ მაღალჩინოსანმა აღძრა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიებაში ფულის გათეთრების თაობაზე ეჭვი გამოითქვა.

პრიმოჟ კირმანი, necenzurirano.si-ის გამომძიებელი ჟურნალისტი:

« მათი მიზანი აშკარაა! მათ ჩვენი პროფესიული და პიროვნული განადგურება სურთ. სურთ, რომ დავხუროთ ოფისი და მუშაობა შევწყვიტოთ. ეს არის მათი მიზანი. ჩვენ არ გვეშინია და ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ. ჩვენ იმიტომ გვაქვს პრობლემები, რომ არავის  პროპაგანდა არ გვინდა. უბრალოდ ჩვენი საქმის კეთება გვსურს, რადგან თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.“

„ევრონიუსთან“ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლიუბლიანას ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ისევ იანეზ იანშას გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით.

ავტორი: ვალერი გორია

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend