“ევრონიუს ჯორჯია” ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის ესაუბრა.
ნატოს მაღალჩინოსათან “ევრონიუს ჯორჯიამ” ნატო 2030 – ზე, თბილისისა და კიევის მოლოდინებზე, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
- ნატოს მოახლოებულ სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო 2030-ის დღის წესრიგი იქნება, თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვითხარით ამ დღის წესრიგის შესახებ
დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის. ნატო 2030-ის დღის წესრიგი ის არის, რასაც ყველა ვარაუდობს. ეს გახლავთ გადაწყვეტილებათა კრებული, რომლის საფუძველზეც ნატოს მომავალი 10, გნებავთ, 9 წელიწადი განისაზღვრება. ჩვენ ვხედავთ ავტოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული მმართველობის სტრატეგიულ დაპირისპირებას და დემოკრატიულმა ძალებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაძლიერებთ ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, მათ შორის არის საქართველოც. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ თავდაცვით ღონისძიებებს, ასევე მივაქცევთ ყურადღებას უსაფრთხოების ახალი ტიპის გამოწვევას, როგორიცაა ციფრული უსაფრთხოება. ნატო დიდ ყურადღებას დაუთმობს ხელოვნურ ინტელექტსაც და ნატოს ისტორიაში პირველად იმსჯელებს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ჩვენი სურვილია, რომ ნატო გახდეს ადგილი, სადაც მთელ მსოფლიოს ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს და ერთობლივად გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენი მიზანია, ნატო მომავლისათვის მოვამზადოთ, კლიმატის ცვლილებებისა და გეოსტრატეგიული შეჯიბრის პირობებში.
- საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები ნატოს სამიტს ტრადიციულად ყოველთვის ესწრებოდნენ, რატომ იქნება მომავალი სამიტი გამონაკლისი ამ თვალსაზრისით?
თქვენ მართალი ბრძანდებით, ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლები მუდამ ესწრებიან ნატოს სამიტებს, მაგრამ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები სამიტზე არ მიიწვიეს, არ უნდა იყოს აღქმული, როგორც უარყოფითი სიგნალი. სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოებისათვის იქნება და სულ რაღაც 3 საათს ან ოდნავ მეტს გასტანს. ჩვენ საკმაოდ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გრაფიკზე. პრეზიდენტი ბაიდენი დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება, შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს და გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. როგორც ხედავთ, მისი დღის წესრიგი საკმაოდ შემჭიდროებულია დროში, შესაბამისად, მთელი ჩვენი დროის რესურსი რუსეთისა და ჩინეთის შესახებ საუბარს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა დავუთმოთ. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები შემდეგ შეხვედრებზე უმაღლეს დონეზე იყვნენ მიწვეული.
- გასაგებია, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლების არყოფნა ნატოს სამიტზე რუსეთმა მისთვის სასურველ შუქში წარმოაჩინოს და კიდევ უფრო აგრესიული გახადოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ?
ამასთან დაკავშირებით ორ რამეს ვიტყოდი, პირველი გახლავთ ის, რომ, ჩემი აზრით, რუსეთს არ ესაჭიროება საბაბი, რომ ის გააკეთოს, რაც სურს. რაც ჩვენ ყველამ უკრაინაში ვიხილეთ, თავიდან ბოლომდე რუსეთის მიერ გამოგონილი საბაბით მოხდა. მოსკოვი რუსულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის გამოგონილ შევიწროებაზე საუბრობდა, რათა ყირიმის დაპყრობა და ანექსია გაემართლებინა. მათ მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგეს და ახლა ყირიმში რუსეთის მოქალაქეების არარსებული საფრთხეებისგან დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ. სწორედ ამ მიზეზით, მე მჯერა, რომ რუსეთისთვის სულ ერთია, ნატო რას აკეთებს და რას – არა. საჭიროების შემთხვევაში მოსკოვი ყოველთვის გამოძებნის საბაბს თავისი ქმედებებისათვის. სახელმწიფოების წარომადგენელთა სამიტზე რომ არ მიიწვიეს, ქართველებმა და უკრაინელებმა არ უნდა მიიღონ, როგორც უარყოფითი სიგნალი. მე ორივე სახელმწიფოს მთავრობის წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ მათ სრულად ესმით, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგისტიკური მიზეზებით არის ნაკარნახები და ჩვენ საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრების დინამიკას აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალში.
- როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ნატოს მხრიდან მეტ აქტიურობას ითხოვენ ამ ქვეყნების ორგანიზაციაში ინტეგრაციის მიმართულებით. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ კიევსა და თბილისში, რა ჩაიწერება მომავალი სამიტის დეკლარაციაში?
მე ვფიქრობ, ისინი განიხილავენ სამ საკითხს, რომლებიც მათი დიდი ინტერესის საგანია. კომუნიკეში თქვენ იხილავთ მკაფიო განცხადებას, რომელიც კარგად ასახავს ნატოს ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ნატოს ამ დებულებისადმი ერთგულების მთავარი დასტური ის ფაქტია, რომ ჩვენ სულ ახლახან ორი ახალი წევრი მივიღეთ, ჩრდილოეთი მაკედონია და მონტენეგრო, ამ ორი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის აქტიური წინაღმდეგობის მიუხედავად. მეორე გახლავთ ის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდება სპეციალური ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს ნატოს ერთგულებას 2008 წელს ბუქარესტის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რომლის მიხედვით, საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო გახდება, ეს კომუნიკეში მკაფიოდ ჩაიწერება. და ბოლო, მესამე მოცემულობა გახლავთ ის, რომ ჩვენ შევქმნით სპეციალურ პლატფორმას საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მეტი ინფორმაციის გაცვლის, ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიმართულებით, რათა საქართველოში ნატოს წარმომადგენლობა უფრო მეტად იყოს. თითოეული ეს საკითხი სამიტზე განიხილება და მე მწამს, რომ ქართველები ბევრ დადებით სიახლეს გაიგებენ.
- შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ბოლო წლების განმავლობაში მეტად გაიზარდა, რას იტყოდით ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში?
მართალი ბრძანდებით, მაგრამ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას, სამწუხაროდ, უსიამოვნო მიზეზი აქვს – რუსეთის მიერ შავი ზღვის რეგიონში მზარდი სამხედრო ქმედებები. ჩემი აზრით, ყირიმის ანექსია საკვანძო მომენტი იყო. ამ მოვლენიდან მალევე რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში დიდი რაოდენობით განათავსა თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, რაც თავისთავად საფრთხის შემცველია უკრაინისათვის და საქართველოსთვის, ასევე ნატოს წევრი სახელმწიფოებისათვის, თურქეთისათვის, ბულგარეთისათვის, რუმინეთისათვის. შავი ზღვის მეშვეობით რუსეთი გააქტიურდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სირიაში, ლიბიაში. გამომდინარე აქედან, ჩვენ მეტი გვაქვს გასაკეთებელი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის შეთანხმებული პროგრამა გვაქვს. ეს პროგრამა ინფორმაციის მეტ გაცვლას, საქართველოს სანაპირო დაცვისათვის და უკრაინის ფლოტისათვის დახმარების გაწევასა და შავ ზღვაში ნატოს სამხედრო გემებისა და საჰაერო სამხედრო ძალების მეტ ჩართულობას გულისხმობს. ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის რეგიონში სამხედრო კონცენტრაციას ნატოს შესაბამისი პოლიტიკა ღირსეულად დავუპირისპიროთ. ეს სარგებელს მოუტანს როგორც ნატოს, ასევე პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს.