მთავარი საქართველო მზადება მასობრივი ვაქცინაციისთვის

მზადება მასობრივი ვაქცინაციისთვის

ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან სტაბილურდება. საკოორდინაციო საბჭოზე დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს. სხდომაზე ასევე იმსჯელეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანის ვადებზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,  საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

საქართველოში წლის ბოლომდე  სხვადასხვა ვაქცინის 3,6 მილიონ დოზას  მიიღებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი მასობრივი ვაქცინაციისთვის დამატებით ბრიგადებს გადაამზადებს.  ამ პროცესში სოფლის ექიმებიც ჩაერთვებიან.

“ინტენსიურად ვემზადებით, გასულ კვირას მე რამდენიმე ვიზიტი მქონდა სამეგრელოში, იმერეთში და თითქმის ყველა რეგიონში. დაგვრჩა მხოლოდ აჭარა, გურია და რაჭა. საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ, თუ რა ბერკეტები უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ამ ყველა დაწესებულებამ, 250 ბრიგადამ, იმუშაოს კვირაში შვიდი დღე. რა თქმა უნდა, მათ სხვა ბრიგადები ჩაენაცვლება”,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომპანია „ფაიზერთან“ მუშაობის პირველი ეტაპი  უკვე დასრულებულია,  მოლაპარაკებები გრძელდება. ვაქცინაციის პროგრამა 18  წელს გადაცილებული  ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

“დღეს ვაქცინაციის პროგრამა ხელმისაწვდომია 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის.  არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში. იქნება ეს “ფაიზერი”, “ნოვოვაქსი” თუ ნებისმიერი სხვა. შეზღუდვა შეეხება მხოლოდ “ასტრაზენეკას” ვაქცინას, რომელიც 45 წლის ზემოთ არის რეკომენდებული. რაც შეეხება “ფაიზერთან” მუშაობის დეტალებს, პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ახლა მეორე ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ მალევე გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ”,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროგრამის გაძლიერების მიზნით მსოფლიო ბანკმა საქართველოს დამატებით 34,5 მილიონი დოლარი  გამოუყო. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, ამ თანხის 90%-ზე მეტი ვაქცინის ახალი დოზების შესყიდვას მოხმარდება.

“პროექტი  სამ ძირითად ფუნქციას შეასრულებს: პირველ რიგში, ის ხელს შეუწყობს მეტად საჭირო ვაქცინების შეძენას და დაეხმარება მთავრობას უშუალოდ COVAX პლატფორმასთან ურთიერთობაში, ისევე, როგორც ზოგიერთ მწარმოებელთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. მეორე მხრივ, დავეხმარებით მთავრობას საჭირო მარაგების, მათ შორის შპრიცებისა და სხვა სამედიცინო ტექნიკის შეძენაში, ბოლოს კი ჩართული ვიქნებით ლოგისტიკის, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიისა და იმ სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს დროული ვაქცინაციის შესაძლებლობა”,- ამბობს სამხრეთ კავკასიაში “მსოფლიო ბანკის” რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.

ამ დროისთვის საქართველოში ორივე დოზით ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი მოქალაქე. ივლისიდან კი ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში – აცრისთვის განკუთვნილი სივრცეების შექმნა იგეგმება. მოსახლეობა აიცრება დიდ სივრცეებში, მათ შორის პავილიონებში, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ დაწესებულებებში.

უახლესი

სხვა ამბები

მასობრივი ვაქცინაციისთვისმასობრივი ვაქცინაციისთვის
Send this to a friend