მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიტაიფუნ ტოპკოჩი - ტალანტების აღზრდა არის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი

ტაიფუნ ტოპკოჩი – ტალანტების აღზრდა არის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი

ქართულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ სულ ახლახან  სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანია SAS -თან, რომელიც ანალიტიკური ბაზრის გლობალური ლიდერია.

ინოვაციური პროგრამული უზურნველყოფისა და მომსახურების მეშვეობით SAS-ი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თავის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ მონაცემები ინტელექტად აქციოს.  რას გულისხმობს მისი ქართულ კომპანიასთან პარტნიორობა და რას მოუტანს ქართულ ბაზარსა და მომხმარებელს, ამ და კიდევ სხვა საკითხებზე „ევრონიუს ჯორჯია“ SAS-ის  სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის  მმართველ დირექტორს ტაიფუნ ტოპკოჩს ესაუბრა.

ამერიკული კომპანია  „სასი“ მსოფლიო ლიდერია ანალიტიკურ სფეროში. თქვენ სულ ახლახან გააფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ქართულ საკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტთან“. თუ შეიძლება, რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ეს სტრატეგიული პარტნიორობა? რას სთავაზობთ ქართულ ბაზარს? რას მიიღებს ამით „სილქნეტი“, მისი მომხმარებელი და ზოგადად საქართველო?

 
ტაიფუნ ტოპკოჩი, კომპანია SAS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის  მმართველი დირექტორი:

[br]„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ, ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში და ამ მშვენიერ ქალაქ თბილისში ვართ. ჩვენ, როგორც მსოფლიო ბაზრის ლიდერები  ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მოხარული ვართ, რომ „სილქნეტის“ პარტნიორები გავხდით. „სილქნეტი“ ტელეკომუნიკაციების სფეროს  ლიდერი კომპანიაა ამ ქვეყანაში და მრავალნაირ მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს.

ამ პარტნიორობას ორი მხარე აქვს. ჩვენ დავეხმარებით „სილქნეტს“, რომ უკეთ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამისთვის შევაგროვებთ და გავაანალიზებთ მონაცემებს მომხმარებლის შესახებ, რაც თითოეულ ადამიანზე მორგებული მომსახურების საშუალებას მოგვცემს. ახლა მთელ მსოფლიოში ძალიან გაიზარდა ინდივიდუალური მომსახურების ტენდენცია, რომელიც პანდემიამ  კიდევ უფრო გააძლიერა, რადგან გაიზარდა მოთხოვნა ონლაინპლატფორმაზე. ერთი მხრივ, „სილქნეტს“ საშუალებას მივცემთ, რომ აბონენტებს  მათზე მორგებული და მათთვის მისაღები პროდუქტი შესთავაზოს როგორც დროის, ისე ფასისა და პაკეტის მიხედვით. მეორე მხრივ კი, „სილქნეტთან“ ერთად გვსურს გავიდეთ კერძო კომპანიებსა და  სამთავრობო სექტორზე, რათა დავაჩქაროთ ქვეყნის გაციფრულება.  ეს სტრატეგიული  საკითხია, რადგან უზარმაზარი გავლენა ექნება ქვეყანაზე, არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ სხვა სექტორების განვითარებაზეც. საქმე ისაა, რომ ჩვენ „სილქნეტთან“ და აქაურ უნივერსიტეტებთან ერთად აკადემიური პროგრამების დაწყებას ვაპირებთ. პროგრამის მიზანი ამ ქვეყანაში მონაცემთა დამუშავებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა.“

როგორია თქვენი მოლოდინი ქართული ბაზრის მიმართ, რომელიც საკმაოდ პატარა და ღარიბია. თანაც პანდემიამ ბიზნესი ძალიან დააზარალა და კომპანიები უფრო მეტად ფულის დაზოგვაზე ფიქრობენ, ვიდრე ახალი მომსახურების შეძენაზე?

ტაიფუნ ტოპკოჩი, კომპანია SAS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის  მმართველი დირექტორი:

„მე კომპანია SAS -ში  სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის რეგიონი მაბარია, რომელიც მოიცავს ადრიატიკის ქვეყნებს, სლოვენიას, საბერძნეთს, მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებს. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული და გეოსტრატეგიული მდებარეობა უკავია ჩემს რეგიონში. ეს არის ჩვენი ამ ბაზარზე შემოსვლის ერთი ასპექტი. მეორე მიზეზი ის არის, რომ არ ვიყავით აქ საკმარისად წარმოდგენილი, რის გამოც ვერ ვახერხებდით ჩვენი მომსახურების სრულად მიწოდებას კარგ პარტნიორთან ერთად. როდესაც „სილქნეტთან“ შევთანხმდით, ვთქვით, რომ ამ ბაზარზე შესასვლელად ახლა კარგი დროა და სწორედ „სილქნეტია“ შესაფერისი პარტნიორი.  ჩვენ ვგეგმავთ, ერთი მხრივ,  კერძო მომხმარებლებს მივაწოდოთ მომსახურება, როგორებიცაა საბანკო სექტორი, საცალო სექტორი, წარმოება, მომსახურება. ასევე გვსურს, მთავრობასაც მოვემსახუროთ. მთავრობისთვის გარკვეული სტრატეგიული შეთავაზებებიც გვაქვს, რომელთაც ამ დღეებში გავასაჯაროებთ.“

მცირე და საშუალო მეწარმეებსაც მოემსახურებით თუ მხოლოდ დიდ კომპანიებს?

ტაიფუნ ტოპკოჩი, კომპანია SAS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის  მმართველი დირექტორი:

„სწორედ ამიტომ ავირჩიეთ „სილქნეტი“ პარტნიორად, მას კლიენტების ფართო და მრავალფეროვანი ქსელი აქვს, იქნება ეს სამთავრობო სექტორი,  მსხვილი საწარმოები თუ მცირე და საშუალო ბიზნესი. „სასს“ შეუძლია ნებისმიერ სექტორს მოემსახუროს. ეს მომსახურება რომ ხელმისაწვდომი იყოს, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ამ დღეებში, დიდი ალბათობით,  ახალი პაკეტების შეთავაზებას დავიწყებთ, რომ ანალიზის საფუძველზე ამ საწარმოებმა უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღონ და სამომავლო გეგმები განსაზღვრონ. ჩვენ ეს სხვა ქვეყნებში გაგვიკეთებია,  ე.წ. „ქლაუდ“ [ღრუბლის] სერვისით შეიძლება, ამ ტიპის მომხმარებელს უკეთ დავუახლოვდეთ და მოვემსახუროთ.“

როგორც ანალიტიკური კომპანია, პოსტპანდემიურ პერიოდში გლობალურ ბიზნესსმაყაროში რა ცვლილებებს ელოდებით? და სად ხედავთ საქართველოსა და ქართულ ბიზნესს ამ ახალ რეალობაში, რომელშიც ინვესტიციებისთვის კონკურენცია ისე გამძაფრდა, როგორც არასდროს?

ტაიფუნ ტოპკოჩი, კომპანია SAS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის  მმართველი დირექტორი:

„პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყავი და, რასაკვირველია, პოსტპანდემიური პერიოდიც დადგება. მე ძალიან ბევრი კომპანიის ხელმძღვანელებს ვესაუბრები, ყველა სექტორში  გაციფრულება დაჩქარდა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩვენ ვხედავთ, რომ მონაცემებს ორგანიზაციები და მთავრობაც უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, რათა მომსახურება უფრო გამჭვირვალე  გახდეს და გამარტივდეს, რომ მოქალაქეებმა უკეთესი მომსახურება მიიღონ. ყველა ამ დაჩქარებული გაციფრულების ეტაპზეა, გარე სამყარო ვირტუალურ პლატფორმაზე ინაცვლებს, ბანკები მეტ ონლაინმომსახურებას გვთავაზობენ, ბანკებში რისკის შეფასების მეთოდები მოძველდა და იცვლება, საცალო სექტორში ონლაინგაყიდვების ბუმია, ვირტუალური და არავირტუალური გაყიდვები გაერთიანდა, კომპანიების უმეტესობას სურს, მომხმარებელი უკეთ შეისწავლოს, მონაცემებს ნავთობივით დიდი ფასი დაედო, ყველა ცდილობს, რომ მონაცემთა ბაზა სიღრმისეულად შეისწავლოს და ეს ცოდნა ან ახალი ბიზნესმოდელების შესაქმნელად გამოიყენოს, ან მომხმარებელს ახალი  მომსახურება შესთავაზოს. აი, ამ ცვლილებებს ვხედავ და ასეც გაგრძელდება. ჩემი აზრით, ის კომპანია იქნება მომგებიან მდგომარეობაში, რომელიც აცნობიერებს მონაცემთა მნიშვნელობას და  ამ ბაზას ბიზნესოპერაციების  გასაუმჯობესებლად ან მომხმარებლის უკეთ მომსახურების მიზნით იყენებს. არც ქართული ბაზარია განსხვავებული. იგივე მოთხოვნები აქვს „სილქნეტს“, მთავრობას. ე.წ. ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია  ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში მრავალ მუნიციპალიტეტთან გვიმუშავია, მოქალაქეების უკეთ მომსახურება, უკეთესი ონლაინმომსახურების შეთავაზება  – ეს არის ის სეგმენტი, რომელშიც ვმუშაობთ, მათ შორის ხელისუფლებასთანაც. საქართველო არც ჩამორჩება ამ პროცესს და არც უსწრებს, ის მიჰყვება  დაჩქარებული გაციფრულების ტენდენციას.“

საქართველოს აქვს ამბიცია, რომ რეგიონული ბიზნესცენტრი გახდეს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ამბიცია?

ტაიფუნ ტოპკოჩი, კომპანია SAS-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის  მმართველი დირექტორი:

„მართალია, პირველად ვარ თბილისში, მაგრამ უკვე ვგრძნობ და ძალიან მომწონს ამ ქალაქის და ქვეყნის ენერგია. ძალიან დადებითი გარემოა, ხალხი ძალიან მეგობრულია და ბიზნესზე ორიენტირებული. უკვე მრავალ ბიზნესმენს შევხვდი. საქართველოს ნამდვილად კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, როგორც უკვე აღვნიშნე. თანაც უფრო ნეიტრალურ მდგომარეობაშია,  ახლოსაა დასავლეთთან და ერთგვარი ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლურ სამყაროს შორის. ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა. მაგრამ ცენტრად რომ იქცეს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლიგები, რადგან ახლა ყველაფერი ტექნოლოგიაზე დგას. ამიტომ გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ მეტად უნდა დაუჭიროს მხარი ტექნოლოგურ ინიციატივებს, ჩვენ და „სილქნეტის“ მსგავს კომპანიებს, რომ ქვეყნის პოტენციალი გაუმჯობესდეს,  უკეთესი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, რომ სამთავრობო პროექტებმა მეტი ხალხი დაასაქმოს ისეთ სფეროებში, რომლებიც ცოდნას ეფუძნება.  საქართველოს შეუძლია, ოფშორული ცენტრიც გახდეს მეზობელი ქვეყნებისთვის, რადგან ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გაქვთ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით პროგრესული რეგულაციები და სამთავრობო ინიციატივებია. ამ ყველაფერს თუ თავს მოვუყრით, ნამდვილად დასაშვებია ცენტრის შექმნა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ნიჭიერი ხალხია. ინტელექტის ხელშეწყობა პოსტპანდემიურ ეპოქაში ყველა მთავრობისა და ქვეყნის მთავარი ამოცანა იქნება, იმისთვის, რომ კონკრენტუნარიანი გახდეს. საქმე ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის  მსგავს ტექნოლოგიებს უზარმაზარი ეფექტი ექნება. უამრავი კვლევა არსებობს, რომელთა მიხედვითაც, 2030 წლისთვის ხელოვნური ტექნოლოგიების წილი ევროკავშირის მთლიან შიდა პროდუქტში დახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. ამიტომ ეს სექტორია ყველა ქვეყნისა და მთავრობის  მთავარი ფოკუსი, ტალანტების აღზრდა არის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend