საქართველოში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 1 ივნისიდან ერთი საათით შემცირდა.
ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
შეზღუდვა 23 საათიდან დილის 4 საათამდე მოქმედებს. როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე აცხადებს, ეს ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოხდა.
ამ ვითარებამ ხელი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ქალაქში ჩამოტანასა და რეალიზებაში უნდა შეუწყოს ხელი.
დღეიდან ასევე სახმელეთო საზღვრებიც იხსნება. კვების ობიექტები კი სტუმრებს, შაბათ-კვირას უკვე დახურულ სივრცეშიც უმასპინძლებენ.
საკოორდინაციო საბჭოზე, კორონავისრუსთან დაკავშირებული ვითარებაც განიხილეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.
[br]”საუბარია B.351 შტამზე, რომელიც დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით დუბაიში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სრულიად განკურნებულია. ოჯახის კონტაქტები გამოკვლეულია და თითოეულის ტესტის პასუხი უარყოფითია. დროულად გადავიდა თვითიზოლაციაში”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, მასობრივ ვაქცინაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სექტემბრისთვის ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი დოზები იქნება იმისათვის, რომ მოსახლეობის 55% აიცრას.
“გეგმის შესრულებისთვის ჩვენ დღეში დაახლოებით 15-16 000 პირი უნდა ავცრათ და ვაქცინების საჭირო რაოდენობა, რომლის მობილიზებაც უნდა გავაკეთოთ არის დაახლოებით 4 მილიონამდე. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს უკვე ჩვენთან იმისთვის, რომ დაიწყოს ვაქცინების გაზიარების მექანიზმის ამოქმედება. ყველაფერი ეს ქმნის უკვე სექტემბრისთვის ვაქცინების საკმარის რაოდენობას იმისათვის, რომ ჩვენ დაახლოებით 55% მოცვა შევძლოთ. დარჩენილი 5%-ის მობილიზებაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საბჭოს წევრების განცხადებით, შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება, რათა ამჟამინდელი ეპიდვითარება შენარჩუნდეს და ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ინფიცირების დონე არ გაიზარდოს.
მარიამ ქუხილავა