საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სისტემა, არ გასცემს საჯარო ინფორმაციას და ყველაზე ჩაკეტილი უწყებებია საჯარო სამსახურებს შორის – ამ დასკვნით შეაჯამა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2020 წელი თავის ანგარიშში.
გასული წლის განმავლობაში IDFI-მ 285 საჯარო დაწესებულებას 6258 მოთხოვნა გაუგზავნა, რომლის 80% დაკმაყოფილდა.
თუმცა, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად – ბიუჯეტის თანხების ხარჯვა, გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებაზე ბევრმა უწყებამ უარი განაცხადა.
“სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ტრადიცია შენარჩუნებულია. ის უწყებები, რომლებიც გასულ წლებშიც არ გვაწვდიდნენ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ინფორმაციას, 2020 წელსაც ანალოგიურად მოიქცნენ. ხოლო ის უწყებები, რომლებიც აქამდეც ღია იყვნენ თანამშრომლობისთვის, გასულ წელსაც არ დაუყოვნებიათ ინფორმაციის მოწოდება. დახურული უწყებების მიერ არასათანადო მიზეზები დასახელდა თანამშრომლობაზე უარის თქმის დროს. მაგალითად, კოვიდპანდემია და თანამშრომლების დისტანციური მუშაობა. ყველაზე ხელმიუწვდომელი ჩვენი ორგანიზაციისთვის იყო ორი სახელმწიფო უწყება – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა. ყველაზე გამჭვირვალედ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გვეთანამშრომლა. ასევე დადებითად ვაფასებთ სახალხო დამცველის აპარატის, სახელმწიფო ინსპექტორის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ღიაობას“, – განაცხადა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.
[br]IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2020 წელს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წლებთან შედარებით გაუარესდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც ყველა საჯარო უწყება კანონით მოქალაქეების წინაშე ვალდებულია გასცეს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ისე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების რაოდენობა.
„მათ უნდა გააცნობიერონ თუ რა მნიშვნელობა აქვს საჯარო უწყებების ღიაობას და გამჭვირვალობას. ეს გამოარჩევს დემოკრატიულ საზოგადოებას და სახელმწიფოს ისეთი ტიპის მმართველობისგან და სისტემისგან, როგორიცაა ავტოკრატია და დიქტატურა. რაც უფრო გამჭვირვალეა სახელმწიფო თავისი მოქალაქეების წინაშე, მით მეტია ნდობა ამ უწყებებისა და მთავრობის მიმართ. ეს ასევე, ამცირებს სამოხელეო კორუფციის რისკებს. ჩვენი ორგანიზაცია წლებია, ცდილობს ამაში დაეხმაროს სახელმწიფოს, თუმცა შედეგები წლიდან წლამდე, გაუმჯობესების ნაცვლად მცირედით, მაგრამ უარესდება“, – ამბობს IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.
ანგარიშის გარდა, IDFI-მ საზოგადოებას ახალი ვებგვერდი წარუდგინა – foi.idfi.ge. ამ პორტალზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტატისტიკას, ორგანიზაციის ანგარიშებს, ნახოს მონაცემთა ბაზები და გაარკვიოს საჯარო უწყებებში დასაქმებული იმ პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც დაინტერესებული მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციებისთვის, ამა თუ იმ უწყებიდან საჭირო ინფორმაციის მიწოდება ევალება.
ალეკო გვეტაძე