მთავარი ევროპა ესპანეთი ესპანეთის ხელისუფლება ,,მწვანე ეკონომიკისთვის" 70 მილიარდ ევროს დახარჯავს

ესპანეთის ხელისუფლება ,,მწვანე ეკონომიკისთვის” 70 მილიარდ ევროს დახარჯავს

ესპანეთის ხელისუფლება ევროპის ,,აღდგენისა და მდგრადი განვითარების” ფონდიდან მიღებულ 70 მილიარდ ევროს ქვეყნის ,,მწვანე ეკონომიკისთვის” დახარჯავს.

ეს ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ნაგვის გადამუშავების, ქალაქების დასუფთავების, მწვანე საგადასახადო სისტემის დანერგვის, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და ეკოსისტემის აღდგენის კუთხით.

ექსპერტების განცხადებით, ესპანეთის ხელისუფლების გეგმა სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამ პოლიტიკის ბენეფიციარები ძირითადად მსხვილი საწარმოების წარმომადგენლები იქნებიან.

,,ბოლო წლებში ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ავტომწარმოებლობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორში მოქმედმა დიდმა კომპანიებმა გააძლიერეს პოზიციები. ისინი იყენებენ თავიანთ რესურსებს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ამ კომპანიებმა შეიმუშავეს სხვადასხვა პროექტი, რომლებიც ესპანეთის ყველა რეგიონისა და ტერიტორიის ათვისებას ითვალისწინებს. ჩვენ გვეშინია, რომ ეს დიდი კომპანიები ევროკავშირიდან მიღებულ მთელ ამ დახმარებას თვითონ გამოიყენებენ”, – აცხადებს ეკოლოგი მიგელ ანხელ სოტო.

აღდგენისა და მდგრადი განვითარების’’ ფონდი, რომელიც ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი ფონდია,  672  მილიარდ ევროს მოიცავს. მისი მთავარი მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკის გამოცოცხლება და აღდგენაა. თუმცა ყველა სახის ინვესტიციებისთვის არსებობს ერთი წითელი ხაზი – დაფინანსებულმა პროექტებმა არ უნდა მიაყენონ ზიანი ევროკავშირის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიზნებს. ასევე ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების 37% უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მწვანე ეკონომიკის  გარდაქმნის მიმართულებით.

,,თუკი პროექტი სრულად აკმაყოფილებს მწვანე პროექტის მოთხოვნებს, იგი 100%-ით ფინანსდება. თუკი მას აქვს მხოლოდ ერთი მწვანე კომპონენტი და მისი მიზანი კონკრეტულად გარემოს დაცვისაკენ არ არის მიმართული, მაგრამ ამავე დროს პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტიანობას და ნაკლები ნახშირორჟანგის გამოყოფას გარემოში, მაშინ ასეთი პროექტი დაახლოებით 40%-ით დაფინანსდება’’, – განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტმა ზიგფრიდ მურეშანმა.

ევროკომისიამ სხვადასხვა  სახის 180-ზე მეტი  ინვესტიცია განახორციელა კლიმატური ნეიტრალიტეტის მიზნებისთვის, რათა დაეხმაროს წევრ ქვეყნებს მათი ინვესტიციების კლიმატური სარგებლიანობის გამოთვლაში.

ახლა ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა მხარი უნდა დაუჭიროს ევროპის აღდგენის გეგმას.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend