მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, რამდენიმეთვიანი გასაიდუმლოებული კონსულტაციების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი კრიზის-მენეჯერი გიორგი გახარია, ახალი პოლიტიკური მოძრაობით დაბრუნდა.
პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე გიორგი გახარიამ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებსა და პოლიტიკაში დამოუკიდებელი თამაშის მიზნებზე ისაუბრა.
„დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი. სჭირდება ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია და შესწევს უნარი სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს. უთხრას სიმართლე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა და, რაც მთავარია, მოქალაქეებთან ერთად, მათი ჩართულობით ქვეყანას შესთავაზოს წესრიგი, ოღონდ სამართლიანი წესრიგი“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ.
მან საზოგადოებას თავისი პარტიის აქტივიც წარუდგინა. ზოგი ნაცნობი, ზოგიც კი ახალი სახე. პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან არ ითანამშრომლებენ, მოქალაქეებს ცრუ დაპირებებს არ მისცემენ და ყველა მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
[br]„განვერიდებით ყველა რადიკალურ პოზიციას, ყველა რადიკალურ მოწოდებას, რომელიც არ ტოვებს არანაირი დიალოგის შესაძლებლობასა და სივრცეს. ამიტომ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება კონკრეტული ამოცანებით, კონკრეტული პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული და ვინც ამ კუთხით შემოგვიერთდება, ბუნებრივია დიალოგი შედგება“, – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი.
პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. იყო დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეძახილები.
“გახარია-თვალთხარიას” ლოზუნგით მისულ დემონსტრანტებს, თავად გახარია არ შეხვედრია.
„ადამიანები ანტისაოკუპაციო აქციაზე იდგნენ და აპროტესტებდნენ გავრილოვის ჩამოსვლას. როგორ დათხარა მან თვალები, როგორ დაარბია, როგორ ცემა, როგორ დააკავა. ასევე გვინდა მას გავახსენოთ ია კერძაიას საქმე, რომელიც სიკვდილამდე მიიყვანეს არჩევნების გაყალბებისთვის“, – განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
გიორგი გახარიას პარტიის სამოქმედო პროგრამაზე ბევრი არაფერი უთქვამს. საზოგადოებას დაპირდა, რომ საარჩევნო პროგრამასა და კანდიდატებზე დეტალურად მალე ისაუბრებენ.
ალეკო გვეტაძე, მარიამ ქუხილავა