მთავარიგადაცემებიFocusგანახლებული ტურიზმი

განახლებული ტურიზმი

პანდემიის დროს ვის არ უოცნებია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე? ან თუნდაც საკუთარი ქვეყნის შიგნით ახალი სანახების აღმოჩენაზე?

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა პანდემიის დაწყების შემდეგ ტურიზმის სექტორის პირველი ღონისძიება იყო, რომელსაც  მონაწილეები ფიზიკურად დაესწრნენ. ამ გამოფენამ დიდი იმედები გააჩინა. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ ღონისძიებას 55 ქვეყნის 5 ათასი წარმომადგენელი დაესწრო. დარგის პროფესიონალებმა იმსჯელეს, თუ როგორ გახდეს ტურიზმი უფრო მდგრადი, მრავალფეროვანი და უსაფრთხო.

მოგზაურობის მიმართ ნდობა ისევ გაიზარდა. ჯანდაცვის პროტოკოლი, ვაქცინაცია და შეზღუდვების მოხსნა ესპანეთს საშუალებას აძლევს, ევროპელი ტურისტები დაიბრუნოს.

 
ესპანეთის ეროვნული ტურიზმის მარკეტინგის ორგანიზაციის TURESPAÑA-ს გენერალური დირექტორი მიგელ  სანსი თვლის, რომ  „ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა გავუჩინოთ: რომ მოგზაურობა უსაფრთხოა, რომ იგი ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, როგორც ეს ყოველთვის სჯეროდათ. არ შეიძლება, რომ პანდემიამ ამ იდეას უარყოფითი დატვირთვა მისცეს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მოგზაურობა ისევ ოცნების საგნად იქცეს, რომ ეს ცნება ისევ დარჩეს შთაგონების წყაროდ, რომელიც სამყაროს უკეთ აღქმას უწყობს ხელს.“

[br]ესპანეთს ძალიან დიდი ტურისტული ხიბლი აქვს. ვალენსია ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. ტურიზმის სექტორი აქ ფეხზე დადგომას რეგიონის მრავალფეროვნების უკეთ წარმოჩენით აპირებს.

ვალენსიის ტურიზმის რეგიონული მდივნის ფრანსესკ კოლომეს მოსაზრებით,  შვებულებაში ან სამოგზაუროდ წასული ადამიანი მცირე ხნით უფრო ლაღი ცხოვრებით ცხოვრობს. ვალენსიას სწორედ ამ მხრივ უნდა თქვას ახალი სიტყვა.

„ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტკოვიდურ სამყაროში. ახლა ადამიანისთვის ხალისის დაბრუნების დროა და სწორედ ამ გზით გვინდა წავიდეთ“, – ამბობს ფრანსესკ კოლომე. „გვსურს, ხალხს შევთავაზოთ მომსახურება, რომელიც ტურისტს მხოლოდ  მზესა და ზღვასთან კი არ დააკავშირებს, კულტურულ მარშრუტებთანაც. ეს მუსიკის, ფესტივალების, ბუნების, ლაშქრობისა და ველოსიპედით მოგზაურობის ადგილია…“

ამ ზაფხულს აცრილ ტურისტებს შეუძლიათ ეპსანეთის ულამაზეს პეიზაჟებს ისე ეწვიონ, რომ არც კარანტინი გაიარონ და არც კოვიდის ტესტები აიღონ.

თავგადასავლების მოყვარულებისთვის პერუ აუცილებლად მოსანახულებელი ტურისტული მიმართულებაა. ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს შორის ურთიერთობა თანამედროვე მოგზაურობის აუცილებელი ფაქტორია.

კლაუდია კორნეხო, პერუს საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრი:

„ბოლო დროს ვსაუბრობთ, თუ რამდენად აუცილებელია მოგზაურობის დროს ტურისტმა, ტურისტული მიმართულების შესწავლის გარდა, ადგილობრივი ხალხი და კულტურა გაიცნოს. მჯერა, რომ პანდემიამ ყველა შეგვცვალა. ჩვენ სამოგზაუროდ მივდივართ, რათა სამყარო ხელახლა აღმოვაჩინოთ, რომ ახალი და განსხვავებული გამოცდილება მივიღოთ, შევძლოთ, სხვა ადამიანებში დავინახოთ ის, რაც გვაერთიანებს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ტურიზმის მიმზიდველობა. სამოგზაუროდ  განსხვავებულის აღმოსაჩენად მივდივართ და მასპინძელი  ხალხი ემზადება ასეთი ენთუზიასტი ტურისტების მისაღებად.“

სხვა ქვეყნების მსგავსად, პერუმაც დანერგა უსაფრთხოების ზომები, რათა სტუმრებმა მისი მრავალსაუკუნოვანი კულტურა და მემკვიდრეობა მშვიდად დაათვალიერონ. პერუ იმედოვნებს, რომ ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით მოიმატებს.

რთული წლის შემდეგ თავისი მშვენიერი ბუნების კარი გვატემალამაც გახსნა. ტურისტებს შეუძლიათ ამ ქვეყნის მრავალფეროვანი მცენარეული საფარის, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის დასათვალიერებლად უკეთესი პაკეტები მიიღონ.

მინორ კორდონი, გვატემალის ტურიზმის მინისტრი:

„ჩვენ მივხვდით, რომ თანდათან პაკეტები  იცვლება, სექტორი მზადაა, სხვადასხვა ადგილას იმუშაოს, ამიტომაც დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გვატემალა უნიკალური მიმართულებაა თავისი ბუნებითა და სივრცეებით, რადგან ის მაიას სამყაროს გულია. ტურისტები აქ სრულიად უსაფრთხოდ შეძლებენ გვატემალის ბუნებით დატკბნენ, რადგან სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების პროტოკოლი დაცულია.“

ეჭვგარეშეა, რომ პანდემიამ გლობალური ტურიზმი შეცვალა. ამ ინდუსტრიამ გააცნობიერა, რომ ტურისტები ისეთ მიმართულებებს ეძებენ, საიდანაც უფრო მდგრად, მრავალფეროვან და ემოციით დატვირთულ გამოცდილებას მიიღებენ.

ავტორი: კრისტინა გინერი

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend