მთავარი ევროპა საბერძნეთი კორონავირუსით ცხოველებს შორის ყველაზე ხშირად წავები ავადდებიან

კორონავირუსით ცხოველებს შორის ყველაზე ხშირად წავები ავადდებიან

კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც დააზარალა.

ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე წავების დიდ ფერმებში უსაფრთხოების ზომები მკაცრადაა დაცული.

რეგიონში მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ წავების ფერმებში არის დასაქმებული.

დასავლეთი მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია.

აქაურ ფერმერებს ერთ მილიონამდე წავი ჰყავთ მოშენებული. მათი ფერმის სანახავად ჟურნალისტებს კორონავირუსის უარყოფითი ტესტის წარდგენა დასჭირდათ.

„ძალიან გაგვიკვირდა, ეს ცხოველები ასეთი მგრძნობიარენი რომ არიან კორონავირუსის მიმართ. იმ ფერმერებს, რომლებსაც წავები ჰყავდათ, ეკეთათ პირბადეები და მუდმივად ხელებს იბანდნენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ვირუსი არ გავრცელებულიყო. ამჟამად ყველა ფერმერი ვაქცინირებულია“, – ამბობს ფერმერი ნიკოლ ბოდინი.


წავების მოშენება ამ რეგიონში გავრცელებული საქმიანობაა. აქ წავების დაახლოებით 80 ფერმაა, რომლებშიც ათას სამასამდე ადამიანია დასაქმებული.

„თუ რომელიმე ცხოველს კორონავირუსი დაუდასტურდება, ფერმაში კარანტინი ცხადდება. დაავადების გამო ცხოველებს ჩვენ აღარ ვხოცავთ. ჩვენ ვიცით, რომ დაავადებულ ცხოველებს იმუნიტეტი უვითარდებათ. გარკვეული დროის მერე ვირუსი ქრება. თუმცა, მომავალში ამ საკითხის უკეთესად გამოკვლევაა საჭირო“, – ამბობს ვეტერინარი ზოი თომო.

ადგილობრივების დიდი ნაწილი ტყავის ინდუსტრიაში არის დასაქმებული. კასტორიის დაბის მოსახლეობის სამოცი პროცენტი ამ სფეროში მუშაობს.

ტყავის ინდუსტრიას ხშირად აკრიტიკებენ გარემოს დამცველი ორგანიზაციები. აქტივისტების თქმით, პანდემიის შედეგად ცხოველები კიდევ უფრო მეტად იტანჯებიან.

„პანდემიის პერიოდში ფერმაში მყოფი ცხოველების პირობები გაუარესდა. მათთვის რთულია ვირუსის თავიდან აცილება, რადგან ისინი ძალიან პატარა გალიებში ცხოვრობენ“, – ამბობს ლექტორი სტავროს კარაგეორგაკისი.

ტყავის ექსპორტის შედეგად საბერძნეთში წელიწადში დაახლოებით 70 მილიონი ევრო შემოდის.

უახლესი

სხვა ამბები

კორონავირუსიკორონავირუსი

Send this to a friend