მთავარი ამბები პარლამენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის მონიტორინგის ჯგუფი...

პარლამენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 20 მაისს კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნას.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შესაბამისად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან თანამშრომლობით იქმნება.

„ბოლო წლების განმავლობაში  მიწის რესურსის   რეგისტრაციას და მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო, ისე პროგრამულ ნაწილში. მიმდინარე სპორადული თუ სისტემური რეგისტრაციები საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ გარკვეულ ეტაპამდე მისულიყო მიწის რეგისტრაციის საკითხი და  საკუთრების უფლება შემდგომ უკვე გამხდარიყო ამ მიწის რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში და აქტივობაში ჩართვის საშუალება.  თუმცა, რა თქმა უნდა, არსებული ტემპები არ არის  დამაკმაყოფილებელი. ეს ეხება განსაკუთრებით აგრარულ სექტორს, რადგან მიწის რესურსის ეფექტურად გამოყენების გარეშე, სექტორის განვითარებას კონკრეტული შემაფერხებელი ფაქტორები ექმნება. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად, გადაწყვიტა, რომ შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც უახლოესი ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებს და ინტენსიურად დააკვირდება, გაეცნობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ეფექტიანად გამოყენებას და ჩვენი რეკომენდაციებით, თუ მოსაზრებებით დადებით წვლილს შევიტანთ ამ პროცესში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა საკითხის წარდგენისას.

კომიტეტისთვის პრიორიტეტულად განსაზღვრული საკითხის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის საქმიანობა მოიცავს შემდეგ თემებს:

  1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული მიწების პრივატიზება/იჯარით წესით გადაცემის ხელშეწყობა;
    2. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის სასოფლო – სამეურნეო მიწების განკარგვის საკითხების დარეგულირება;
    3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის საკითხის გადაწყვეტა;
    4.გადასარეკი ტრასების რეგისტრაციის დაჩქარება.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის იმ საკითხთა წრე, რომელთა გადაჭრის თხოვნით სექტორის წარმომადგენლები კომიტეტს არაერთგზის მიმართავდნენ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოვდნენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ სამი კომიტეტის ფარგლებში ჩამოეყალიბებინათ  სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს თუ სამართლებრივად  როგორ სწორად და ეფექტურად მიმდინარეობს აღნიშნული პროცესები.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარლამენტარები: ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან მგალობლიშვილი, ეკა სეფაშვილი, დაჩი ბერაია, ხატია წილოსანი, გოდერძი ჩანქსელიანი, ასევე სექტორის –  სოფლის მეურნეობის მიმართულებით  შექმნილი სხვადასხვა ასოციაციის და ორგანიზაციის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend