მთავარი ევროპა ესპანეთი ესპანეთის ქალაქ კეუტაში მიგრანტების ახალი ნაკადი ჩავიდა

ესპანეთის ქალაქ კეუტაში მიგრანტების ახალი ნაკადი ჩავიდა

ესპანურ საპორტო ქალაქ კეუტაში მიგრანტების ახალი ნაკადი ჩავიდა.

კეუტა აფრიკის კონტინენტზე მაროკოს საზღვართან მდებარეობს.

მიგრანტები კეუტის გავლით ევროკავშირში მოხვედრას ცდილობენ. შარშან ქალაქში ორი ათასამდე მიგრანტმა შეაღწია, წელს მათი რაოდენობა რვა ათასამდე გაიზარდა.

 

მაროკოს საზღვართან მდებარე კეუტას ანკლავში, რომელიც ესპანეთის მფლობელობაშია, მიგრანტების ახალმა ტალღამ შეაღწია. მათ შესაჩერებლად ესპანეთის უწყებებმა რეგიონში ჯავშანმანქანები შეიყვანეს.

კეუტა ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მაროკოსგან იგი ათი მეტრის სიმაღლის ღობით არის გამოყოფილი.

„კეუტაში ზღვის საშუალებით თითქმის ექვსი ათასი მიგრანტი შევიდა. მათ შორის ბევრი ბავშვია. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს, თუმცა ერთი ადამიანი დაიღუპა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაროკომ მიგრანტების ნაკადი შეაჩეროს. ასევე აუცილებელია, რომ მათ, ვისაც დარჩენის უფლება არ აქვს, კეუტა დატოვონ“, – განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეების საკითხებში, ილვა იოჰანსონმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ქვეყნის საზღვრებთან წესრიგი აღდგება.

„მთავრობა აუცილებლად დაიცავს ესპანეთის საზღვარს, რომელიც, ამავდროულად, ევროკავშირის საზღვარიცაა. ჩვენ ყველა გამოწვევას ევროპელ პარტნიორებთან ერთად გავუმკლავდებით“, – აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.

ბოლო დროს ესპანეთსა და მაროკოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის მიზეზი დასავლეთი საჰარის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სამხედრო ლიდერია, რომელიც ამჟამად სამედიცინო მომსახურებას ესპანეთში იღებს. დასავლეთი საჰარის ანექსია მაროკომ 1975 წელს განახორციელა.

„მაროკოს მთავრობა იყენებს მიგრაციის თემას, რათა ესპანეთი შეაშინოს და მასზე წნეხი გაზარდოს. არალეგალური მიგრაციის საკითხებში ესპანეთის მთავრობა დამოკიდებულია მაროკოს მთავრობაზე ისე, როგორც საბერძნეთია დამოკიდებული თურქეთზე“, – ამბობს მკვლევარი მიგრაციის საკითხებში ბლანკა გარჩესი.

აფრიკელი მიგრანტები ესპანეთის მფლობელობაში მყოფ კეუტასა და მელილიას ანკლავებს ევროპის კარიბჭედ აღიქვამენ.

შარშან ამ ადგილებში შეღწევა ორი ათასმა მიგრანტმა სცადა. წელს მათი რიცხვი რვა ათასამდე გაიზარდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend