მთავარისაქართველოშერიგების შემდეგ

შერიგების შემდეგ

რამ გამოიწვია დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს  შორის დაპირისპირება, ამას ახლა ხელისუფლება, სულიერი ლიდერები და მთლიანად საზოგადოება აანალიზებს.

სამთავრობო, არასამთავრობო, საპოლიციო თუ რელიგიური მხარეების ჩარევის შედეგად ადგილობრივებს შორის გაურკვევლობა შერიგებით დასრულდა.

რთული მოვლენებიდან მესამე დღეს მომხდარის შესახებ, მუსლიმმა სულიერმა ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.

 
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო. თუმცა, მიღწეული შედეგით ამ ეტაპზე კმაყოფილია.

[br]„ძალიან შევწუხდით აღნიშნული ფაქტით. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ინციდენტი გადაიზარდა ყოფითი ნიადაგიდან სამეზობლოში, სოფლებში, რეგიონებში, ქალაქებში. არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. აღნიშნული საკითხი 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ. უნდა დაისვას კითხვა, რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომში. რეგიონში როდესაც გვქონდა შეხვედრები, ადგილზე გავეცანით რეალურ სიტუაციას და მიზეზები გამოვიკვლიეთ. რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა და ადგილზე გვარდებოდა, მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაზრდილა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, რაც ხდებოდა, არც სამართლებრივ ჭრილში შეფასებულა და არც საზოგადოებრივი რეაქცია ყოფილა. სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ ხშირ შემთხვევაში მედიასაშუალებები არაობიექტურად აშუქებდნენ სიტუაციას ან ერთი მხარის ინტერესებს იცავდნენ, რამაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვია“, – განაცხადა რამინ იგიდოვმა.

სახელმწიფო ორგანოების სუსტ ჩართულობასა და დაპირისპირების მართვის ნაკლებ ორგანიზებულობაზე საუბრობენ მკვლევრები.

ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სახელმწიფოს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი ამოცანა, არა მომხდარი დანაშაულისა და დაპირისპირების აღკვეთა, არამედ მისი პრევენცია უნდა იყოს.

„იმ ფონზე, როდესაც ჩემი შეფასებით, პოლიციის რეაგირება იყო დაგვიანებული, სუსტი და არაეფექტიანი, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. პოლიციამ თავის დროზე ვერ მოახერხა ძალადობის და დაპირისპირების პრევენცია. ეს შერიგება უფრო იყო ნომინალური. მომავალში და თან, რაც შეიძლება სწრაფად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაიაზროს სოციალური უთანასწორობისა და გაუცხოების მიზეზები და სათანადო რეაგირებით დაუპირისპირდეს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე.

დმანისში მომხდარ მოვლენებში ჩართული ყველა მხარე თანხმდება, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი შერიგება იყო, რაც მოხდა კიდეც.

რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრება, სპეციალისტების აზრით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ პრევენციულ ზომებზე იქნება დამოკიდებული.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend