მთავარიაზიაისრაელიისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით საჰაერო იერიშები გაგრძელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით საჰაერო იერიშები გაგრძელდება

ორშაბათს დილით ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ღაზის მიმართულებით მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საჰაერო იერიშების შეწყვეტა ჯერ არ განიხილება.

,,ჩვენი ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ გრძელდება. ჰამასს ძვირად დაუჯდება ისრაელის მიმართ აგრესიული ქმედებები. გასული დღის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს 1500-ზე მეტ ტერორისტულ ობიექტზე”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

კვირას აღმოსავლეთი იერუსალიმის შეიხ ჯარას უბანში კვლავ დაძაბულობა იყო.

ამ უბნიდან პალესტინელი ოჯახების გამოსახლებას გეგმავდნენ.

სწორედ ეს შემთხვევა აღმოჩნდა სიტუაციის დაძაბვის თავდაპირველი მიზეზი, თუმცა მდგომარეობა ისრაელის სხვა ქალაქებში, ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზეც გამწვავდა.

გასული კვირა დღე ყველაზე სისხლიანი იყო.

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაზიანდა ღაზის მჭიდროდ დასახლებული ერთ-ერთი ქუჩა, რასაც 3 შენობის ჩამონგრევა და ათეულობით მსხვერპლი მოჰყვა.

ჰამასმაც, თავის მხრივ, დიდი რაოდენობით რაკეტა გაუშვა სამხრეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც ადგილობრივებმა საცხოვრებელი სახლები დატოვეს.

ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად საერთაშორისო მცდელობები კვლავ გრძელდება. შედგა გაეროს უშიშროების საბჭოც, სადაც 15 წევრი ქვეყნის წარმომადგენლის საგანგებო შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სთხოვა უშიშროების საბჭოს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღოს.

,,კიდევ რამდენი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქე უნდა დაიღუპოს, რომ დაგმოთ ისრაელის ეს ქმედებები? ჩვენ ვიცით, რომ სულ რამდენიმე ებრაელი დაიღუპა. მაგრამ რამდენი პალესტინელი, იცით? 200 პალესტინელი დაიღუპა უკვე”,- განაცხადა პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ალ-მალკიმ.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები შეთანხმდნენ მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე, მათ მაინც ვერ მოახერხეს ერთიან საჯარო განცხადებაზე შეთანხმება.

ისრაელის მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ იმ პოზიციაზე დგას, რომ მსგავსი სახის განცხადების გაკეთება დიპლომატიურ პროცესში სასარგებლო არ იქნება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend