მთავარისაქართველოშევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში - პოლიტიკოსების მოლოდინები

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში – პოლიტიკოსების მოლოდინები

საქართველოს პარლამენტში სავარძლები შესაძლოა კიდევ 35 დეპუტატმა დაიკავოს.

ეს მას შემდეგ გაირკვევა, თუ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარლამენტში შესვლასა და მუშაობას გადაწყვეტს.

პარტიაში უკვე დააანონსეს, რომ კის ან არას შიდაპარტიული კონსულტაციებისა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების გამართვის შემდეგ იტყვიან.

„ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული მას შემდეგ, რაც ნიკა მელია შეხვდება და კონსულტაციებს გამართავს პარტიის წევრებთან, პარტიის ლიდერებთან, პოლიტსაბჭოსთან, მხარდამჭერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც არ შესულან პარლამენტში და იმ პარტიებთან, რომლებიც შევიდნენ. ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. სიმართლეს გეტყვით და არ დაგიმალავთ, რომ გუშინაც იმაზე იყო საუბარი, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არის განსხვავებული პოზიციები ამასთან მიმართებაში. ჩემი დამოკიდებულება პარლამენტში შესვლასთან, ხელმოწერასთან დაკავშირებით არის კრიტიკული. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ“, – განმარტავს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი.

[br]სანამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფართო დისკუსიას გამართავენ, თავიანთ მოლოდინებზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები.

ისინი, ვინც პარლამენტში არიან და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ უარს ამბობენ საკანონმდებლო მუშაობაზე.

პარტია  ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია პარლამენტში შესვლის საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოაცხადებს, შეუერთდება თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მყოფ პარტიებს.

„ამ მომენტისთვის ოპოზიციური ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველი სპექტრის დიდი ნაწილი პარლამენტში არ არის. მე ვერ ვხედავ სარგებელს ჩვენი პოლიტიკური ძალის ამ პარლამენტში მონაწილეობისთვის. ამ ვითარებაში ეს არ არის სწორი ნაბიჯი მაგრამ ამაზე ვიმსჯელებთ პოლიტსაბჭოზე და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, თუმცა, რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ მე, ამას ვერ ვუკარნახებ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში უკვე შესული პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სხდომათა დარბაზში საპარლამენტო მანდატის მქონე ყველა დეპუტატის ხილვა სურთ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები ხელშეკრულებაზე, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ეს მათი შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუმცა, ჩვენი აზრით, სწორი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება, ეს საკანონმდებლო ორგანოს კიდევ უფრო გააძლიერებს. რაც მეტი პარლამენტარი და ოპოზიციური ხმა იქნება პარლამენტში, მით მეტი საშუალება გვექნება მთლიანად ოპოზიციას, ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“ თუნდაც ხელშეკრულების ბოლომდე შესრულება, ასევე უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ის ბერკეტები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით მოგვეცა პოლიტიკურ ძალებს ოქტომბრის არჩევნებამდე მისასვლელად“, – ამბობს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ეს არ ცვლის მათ რადიკალურ დამოკიდებულებას პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაციის მიმართ.

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს არა ნიკა მელია, არამედ მაინც მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლო თვეების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა, როგორც რადიკალურმა პარტიამ. ველოდებით, რომ სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება. ეს მათი გადასაწყვეტია, რადიკალური გზით სვლას პარლამენტში გააგრძელებენ თუ მის მიღმა. ჩვენს გვსურს პარლამენტში სხვადასხვა საკითხებზე კონსტრუქციული მუშაობა საპარლამენტო ოპოზიციასთან. კარგი იქნება, თუ ამ გზიდან გადაუხვევენ, მაგრამ ვნახოთ“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილმა.

თუ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, ოპოზიციონერი დეპუტაციის რაოდენობა 50-ს გადასცდება.

სულ კი ოპოზიციურ პარტიებს 60 მანდატი აქვთ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend