“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად მსჯელობენ უნდა შევიდნენ თუ არა პარლამენტში.
ამის შესახებ კონსულტაციები პარტიაში დღეს, 10 მაისს, დაიწყო და როგორც თავად ლიდერები ამბობენ, მათ საერთო პოზიციაზე შეჯერებისთვის რამდენიმე დღე სჭირდებათ.
პარტიაში აპირებენ, ჩაატარონ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც სწორედ ამ საკითხზე გაიმართება კენჭისყრა.
“ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე” ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ შეხვედრებს გეგმავს სხვა ოპოზიური პარტიების ლიდერებთანაც.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პარტიის ცენტრალურ ოფისში დილით მივიდა.
ის გუნდთან ერთად მსჯელობდა პარტიის სამომავლო გეგმებზე.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა იყო. ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
“ვმსჯელობთ, იწყებს თუ არა პარტია საპარლამენტო საქმიანობას. ასევე იმაზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელს მოაწერს და ისე შედის თუ არ აწერს და გარკვეული დათქმებით შედის. ამ ყველაფერზე სხვადასხვა კონფიგურაცია არსებობს. არ დაგიმალავთ, პარტიაში არის პოზიცია, რომ არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმოდგენილი. მაგრამ არსებობს პოზიცია ისეთივე, როგორიც ჩვენს კოლეგებს აქვთ სხვა ოპოზიციური პარტიებიდან – რომ მართალია არჩევნები გაყალბდა, მაგრამ იქაც (პარლამენტში) არის ბრძოლა გასაგრძელებელი. ვვარაუდობ, რომ ერთი კვირის ვადაში მოხდება პოზიციების შეჯერება” – აცხადებს ნიკა მელია.
იმ ოპოზიცურ პარტიებში, რომლებმაც უკვე დაიწყეს საკანონმდებლო საქმიანობა ფიქრობენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დეპუტატების შესვლა საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანია.
“ბრძოლის ახალ ეტაპზე ჩვენ გვსურს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” შემოვიდეს პარლამენტში.
ყველა შემოვიდეს, ვისაც აქვს მანდატი იმიტომ, რომ ბრძოლის ეს ველი არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ბრძოლის სხვა ველები. რესურსი იმისა, რომ წარმატებით მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნებზეც წარმატებას მივაღწიოთ, არის საპარლამენტო რესურსი და არ მგონია, ამის გაფლანგვის ფუფუნება ჰქონდეს დღეს ოპოზიციას” – ამბობს პარლამენტის წევრი პარტია “ლელოდან” ანა ნაცვლიშვილი.
მმართველ გუნდში “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას ელოდებიან და ამბობენ, რომ მათ ოპოზიციასთან ერთად სურთ მუშაობა.
“მათი გადასაწყვეტია, სვლას რადიკალური გზით პარლამენტში გააგრძელებენ თუ მის მიღმა. ჩვენ გვსურს პარლამენტში სხვადასხვა საკითხზე კონსტრუქციული მუშაობა საპარლამენტო ოპოზიციასთან” – აცხადებს პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” შალვა პაპუაშვილი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღონ.
მანამდე, ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც გეგმავენ კონსულტაციებს.
ნანუკა მეშველაშვილი