მთავარიგადაცემებიExploreბალკანეთის ტურიზმი

ბალკანეთის ტურიზმი

დასავლეთი ბალკანეთი ბუნებისა და თავგადასავლების  მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა.

ამ მთიან მხარეს ზღვის სანაპიროც აქვს, რაც უნიკალური მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა.

უცხოელმა თუ ადგილობრივმა ტურისტებმა ამ განუმეორებელი რეგიონის დათვალიერება რომ შეძლონ, ამ რეგიონის თავგადასავლების მოყვარულებმა და ტურისტულმა ბიზნესმა გრანდიოზული სალაშქრო მარშრუტი „ვია დინარიკა მეგა ტრეილი“  [The Via Dinarica Mega Trail] შექმნა.

 
ეს მარშრუტი 500 ათას კილომეტრს მოიცავს და სულ მცირე 8 ქვეყანაზე გადის, რასაც ჩვეულებრივ სალაშქრო ბილიკს ვერ უწოდებ, ის ნამდვილად მეგამარშრუტია.

ანდრეა დანგლი, ჟურნალისტი, ტურისტი და თავგადასავლების მოყვარული, იმ ჯგუფის წევრია, რომელმაც ველოსიპედით მეგამარშრუტის სამი ქვეყანა გადაკვეთა და ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელ მილიშევჩში   გაათია ღამე.

„ეს უჩვეულო თავგადასავალი იყო, რადგან ველოსიპედით სამი ქვეყანა გადავკვეთეთ: ალბანეთი, მონტენეგრო და კოსოვო. საოცარ ხალხს შევხვდით, თვალწარმტაცი პეიზაჟები ვიხილეთ. ნამდვილად ვურჩევ ყველას, ალპების ეს მხარე  მოინახულოს,“ – ამბობს ანდრეა.

„ვია დინარიკას“ მარშრუტის გასწვრივ  მოგზაურობა შესაძლებელია ფეხით, ველოსიპედით და, თქვენ წარმოიდგინეთ, წყლითაც.

მადლინა პუკა, სათავგადასავლო ტურიზმის ექსპერტი, სამმაგი ტურიზმის პროექტის რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენელი:

„აქ წარმოდგენილია როგორც მწვანე, ისე ცისფერი და თეთრი ტურიზმის მიმართულებები, რომლებიც სრულ სათავგადასავლო პროგრამას გთავაზობთ, მათ შორისაა ლაშქრობა, თხილამურებით სრიალი, კაიაკინგი, ჯომარდობა და ზამთრის სპორტი.“

სათავგადასავლო ტურიზმის ბაზარი სწრაფად იზრდება და ადგილობრივებს დიდი იმედი აქვთ, რომ ეს რეგიონული მარშრუტი მრავალ ტურისტს მოიზიდავს და დასავლეთი ბალკანეთის რეგიონში ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკას, ისე ტურიზმის განვითარებას.

„ვია დინარიკას“ მარშრუტზე მდებარე თემატური ტურები ბუნების მოყვარულთ ისტორიასა და კულტურასთან ზიარების საშუალებასაც აძლევს და ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის იმ განსხვავებულ ტრადიციებსაც გააცნობს, რომლებიც ამ მრავალფეროვან რეგიონში უხვადაა წარმოდგენილი.

რეგიონული თანამშრომლობის შედეგად კიდევ ერთი სალაშქრო მარშრუტი „ვია ეგნატია“ [Via Egnatia]  გაჩნდა. ეს არის ისტორიული გზა, რომელიც რომის იმპერიის აღმოსავლეთსა და დასავლეთ ნაწილს აკავშირებდა.

დღეს ეს გზა მოგზაურებს ისტორიული ილირიკუმის სანახებისკენ მიუძღვის და რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობასთან უწყვეტი კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს.

ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ საზღვრებს შორის მიმოსვლა თავისუფალი იყოს და ტურისტული სექტორის გიდები და პროფესიონალები ყველა მხარემ აღიაროს.

მადლინა პუკა, სათავგადასავლო ტურიზმის ექსპერტი, სამმაგი ტურიზმის პროექტის რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენელი:

“ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალმიმართულებიანი ტურიზმის განვითარებას, რომელიც მოგზაურებს საშუალებას მისცემს, რომ სხვადსხვა საზღვარი თავისუფლად გადაკვეთონ, უფრო მეტი ადგილი მოინახულონ და სხვადასხვა კულტურას ეზიარონ.“

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend