მთავარიევროპაუკრაინააღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბულობაა

აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბულობაა

აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბულობაა. უკრაინელი ჯარისკაცები საბრძოლო პოზიციებს ამაგრებენ. სროლისა და დაბომბვის ხმა აქ ყოველდღიურად ისმის.

სამშაბათს არტილერიის ჭურვი ჩამოვარდა დაბა კრასნოჰორივკაში მდებარე საავადმყოფოში, რომელშიც კორონავირუსისგან დაავადებულებს მკურნალობენ.

დაბომბვის გამო საავადმყოფოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

წელს სეპარატისტების ტყვიებსა და ჭურვებს 34 უკრაინელი ჯარისკაცი შეეწირა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე ბევრად მეტია.

დღეს, 6 მაისს,  უკრაინას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.

უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო მათ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ.

„ჩვენ მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გახდეს ან რამე განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭოს. შეიძლება, ჯერ ამის თქმა ადრეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიზნისკენ მივდივართ“, – ამბობს ვასილ ადოლფოვიჩი, უკრაინელი ჯარისკაცი.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ სიტყვიერი მხარდაჭერა საკმარისია არაა. მისი განცხადებით, ნატომ უკრაინას უნდა წარუდგინოს კონკრეტული გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაში ქვეყანა სამხედრო ბლოკში გაწევრიანდება.

„უკრაინას ამერიკასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს, ამერიკა კი უკრაინელებს პოლიტიკური რეფორმების გატარებისა და კორუფციის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს“, – ამბობს ვოლოდიმირ ფესენკო, ანალიტიკოსი.

რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში არ იმყოფებიან.

რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საზღვართან რუსეთმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რომლებშიც სამასი ათასამდე ჯარისკაცი მონაწილეობდა.

წვრთნები მკაცრად დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ.

ამჟამად რუსი სამხედროების უმეტესობამ უკრაინის საზღვარი დატოვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend