მთავარი საქართველო საქართველოში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მთავარი გამოწვევაა

საქართველოში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მთავარი გამოწვევაა

საქართველოში მალე “კოვიდუსაფრთხო” სასტუმროები და რესტორნები უნდა გამოჩნდეს.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი მეტ პერსპექტივას შეუქმნის საქართველოში ტურიზმის სფეროს აღდგენას.

დღეს, 5 მაისს, ამ საკითხზე სასაუბროდ ეკონომიკის მინისტრი სტუმარმასპინძლობის ბიზნეს-სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

კვების ობიექტებისა და სასტუმროების წარმომადგენლებმა ნათია თურნავასთან საუბრისას ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობებზე იმსჯელეს და დარგის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

ბიზნესის წარმომადგენლებმა მთავრობას მოთხოვნებიც დაუსახელეს, რომელთა შესრულებაც, მათი თქმით, დარგის კვლავ განსავითარებლად აუცილებელია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მხარეებმა სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენელთა ნებაყოფლობითი, ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობებზე იმსჯელეს და დარგის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც სახელმწიფოსგან უნდა დაკმაყოფილდეს.

მათივე განმარტებით, დაახლოებით 3 დღეში იქნება შესაძლებელი, სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაცია დაიწყოს.

„შეხვედრაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარი იყო იმაზე, თუ რა ვითარებაში და როგორ მიიღებს სფერო ვაქცინაციის შესაძლებლობას. ეს ფაქტი არის მისასალმებელი. ახლა უკვე მენეჯმენტის საკითხია და დაახლოებით, სამ დღეში სფეროს წარმომადგენლები, ვისაც სურვილი ექნება, შეძლებენ ვაქცინაციასა და ამ პროგრამაში ჩართვას“, – აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ.

„დღევანდელი შეხვედრა იყო საკმაოდ საინფორმაციო ხასიათის, რადგან გარდა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა, ასევე შეხვედრას ესწრებოდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და ფაქტობრივად მივიღეთ სამთავრობო სექტორიდან უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მესიჯები. მთავარი მესიჯი არის, როგორ ვაქციოთ ტურიზმის ინდუსტრია ყველაზე უსაფრთხო მასპინძლობის ობიექტად“, – თქვა ერთ-ერთი სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, მაია მახათაძემ.

ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს.

„ვსაუბრობდით იმაზე, როგორ გავაკეთოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტული და ოპერატიული იმიტომ, რომ ტურისტული სეზონი უკვე მოსულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, იმ რესტორნებისა და სასტუმროების ხელმძღვანელებს, რომელთაც ვაქცინირებული პერსონალი ჰყავთ, ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით. თითოეული ასეთ ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული, იმიტომ, რომ დღეს საერთაშორისო ტურისტები ეძებენ სწორედ აი, ასეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტული ინდუსტრია, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია არის უსაფრთხო“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ტურისტული სფეროს წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია რომ, ტურისტული სექტორი სწრაფად აღდგეს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend