მთავარიამერიკაჩილეჩილეში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა

ჩილეში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა

კორონაპანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისი ღარიბი ქვეყნების მოსახლეობაზე მტკივნეულად აისახა.

მსოფლიოში იმატა შიმშილობამ.

ჩილეში ბოლო რამდენიმე თვეა მოუსავლიანობასაც უჩივიან, რამაც ისედაც მწირი ეკონომიკის მქონე ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი პროვინციებში შიმშილის ზღვარზეა.

ასეთი ოჯახების დასახმარებლად ჩილეს რამდენიმე რეგიონში საქველმოქმედო აქციები მოეწყო.

ფერმერებმა და შეძლებულმა მოსახლეობამ გადაწყვიტეს, გაღატაკებულ თანამემამულეებს საჭირო საკვებით დაეხმარონ.

შიმშილის მიუხედავად დახმარების ბენეფიციარები მოთმინებით ელოდებიან თავიანთ რიგს.

საკვები პროდუქტები აქციის ორგანიზატორებმა ისე შეფუთეს და დაახარისხეს, რომ მრავალსულიან ოჯახს მინიმუმ ერთი კვირა მაინც ეყოს.

 

„ჩვენ, კეთილი ადამიანების დახმარებით ვაკეთებთ იმას, რაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ვეღარც ადგილზე იწარმოება საკვები და ვერც იმპორტირება ხდება საჭირო რაოდენობით. დიდი კამპანია ვაწარმოეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ახლა გაჭირვებულ ადამიანებს ყუთებით ვურიგებთ საკვებს“, – აცხადებს ვიქტორ ორელანა, რომელიც ორგანიზაცია „გულით სოლიდარობას“ წარმომადგენელია.

დედაქალაქ სანტიაგოში გამართული საქველმოქმედო აქციის შედეგად, 800-მდე ოჯახს დაეხმარნენ.

ტონობით საკვები პროდუქტი მათ უკვე გასცეს, ამიტომ სხვა ოჯახების დასახმარებლად, დამატებითი რესურსები ესაჭიროებათ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენელი ჩილეში, ევა კოული ამბობს, რომ ამ ქვეყანაში შიმშილის ზღვარზე მოსახლეობის მეხუთედია.

„ჩვენი გათვლებით, ჩილეს მოსახლეობის დაახლოებით 20% შიმშილობს. მოსახლეობა პანდემიამ კიდევ უფრო გააღატაკა​. ამ ქვეყანაში ისედაც მწირი მეურნეობაა. მიწის დიდი ნაწილი ნაყოფიერი არაა. ქვეყანა დიდადაა დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. თუმცა, მოსახლეობას სიძვირის გამო მისი შეძენა არ შეუძლია. ჩვენ ჩავატარეთ ღარიბი მოსახლეობის კვლევა და აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებში დიდი რაოდენობით E ვიტამინისა და კალცის ნაკლებობაა, რაც მათ ჯანმრთელობას აზიანებს“, –  ამბობს ევა კოული.

ჩილეში საკვები პროდუქტების მომარაგებისა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება.

გასულ თვეს ქვეყნის პრეზიდენტმა იმპორტის გაუმჯობესების პირობაც დადო, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend