მთავარი ევროპა ესპანეთი მადრიდის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორმა პოლიტიკოსმა ისაბელ დიას აიუსომ გაიმარჯვა

მადრიდის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორმა პოლიტიკოსმა ისაბელ დიას აიუსომ გაიმარჯვა

მადრიდის კონსერვატორმა ლიდერმა, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება, ადგილობრივ არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პარტია დაამარცხა.

ესპანეთის დედაქალაქის რეგიონულ არჩევნებში „სახალხო პარტიის” კანდიდატმა ისაბელ დიას აიუსომ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, შედეგი გააორმაგა.

„ვფიქრობ, რომ ცხოვრებით უნდა ვისიამოვნოთ და  სახლებში არ უნდა გამოვიკეტოთ, როგორც ეს სოციალისტებს უნდათ. „სახალხო პარტიამ“ უნდა გაიმარჯვოს. დიდება აი უსოს“, –  ამბობს ისაბელ დიას აიუსოს ამომრჩეველი ხოსე ფერნანდესე.

გამარჯვების აღსანიშნავად შეკრებილ ამომრჩეველს აიუსომ სიტყვით მიმართა და თავისუფალ ორ წელს დაპირდა.

„ჩვენ გადასახადებს შევამცირებთ, დავიცავთ საჯარო, კერძო და განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე სკოლებს. უნდა მივხედოთ ჯანდაცვის სისტემასა და ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომლებიც აქამდე გაგვიკეთებია“, – განაცხადა აიუსომ.

როგორც ჩანს, აიუსოს პროტესტმა, რომელიც დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ იყო მიმართული, არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია.

თუმცა 136-ადგილიან მადრიდის ადგილობრივ პარლამენტში, უმრავლესობის მოსაპოვებლად აიუსოს ძალიან ცოტა დააკლდა. მას, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა მემარჯვენე პარტიასთან მოუწევს.

ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსს“ ესპანური პატრიოტიზმი და პოპულიზმი ახასიათებს. მისი ლიდერი როსიო მონასტერიო ამბობს, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში პარტიის ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

არჩევნებში მთავარი დამარცხებული პაბლო იგლესიასი აღმოჩნდა.

მან მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლი პარტია „პოდემოსი“ შვიდი წლის წინ დააარსა, თუმცა ადგილობრივ არჩევნებში ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული ათი წლის განმავლობაში ესპანურ პოლიტიკაში იგლესიასი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ახლა მარცხის შედეგად მან პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.

უახლესი

სხვა ამბები