გემრიელად მომზადებული საკვების, კარგი მომსახურებისა და მისაღები ფასებით რესტორნის შეფასებას სულ ცოტა ხანში კოვიდუსაფრთხოების გრაფაც დაემატება.
საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის ე.წ. კოვიდუსაფრთხო სასტუმროსა და რესტორნის სერვისების შეთავაზებას გეგმავს.
სწორედ ამ მიზნით, ქვეყანაში ვაქცინაცია ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებულმა პირებმაც უნდა ჩაიტარონ.
„ტურისტულმა ასოციაციებმა: რესტორატორთა ასოციაციამ, სასტუმროთა ასოციაციებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიის თანამშრომლების შესაბამისი სიები, რათა მათ ორგანიზებული და ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ჩაუტარდეთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო და დღეისათვის 45 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სრულად ვაქცინირებულთათვის სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება განიხილეს. მთავრობა ე.წ. მწვანე პასპორტების შესახებაც მსჯელობს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებასა და შეღავათების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინის ორივე დოზას გაიკეთებენ. ეს საკითხი ამ დღეებში წარდგენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში, უკვე შემუშავებულია მწვანე პასპორტის ელექტრონული მოდელი. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ საკოორდინაციო საბჭოზე იქნება გატანილი და მიიღება გადაწყვეტილებები“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. 4 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 8%-ს აღემატება. დღეისათვის კლინიკებში 4000-ზე მეტი პირი მკურნალობს, მათგან 149 ადამიანი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.
„დამატებით კიდევ მოხდება საწოლფონდის მობილიზება, გვინდა, რომ კვირის ბოლომდე დაახლოებით 6000 საწოლი იყოს დამატებული, რათა კლინიკები არ იყოს ძალიან გადატვირთული. მუშაობას აგრძელებენ კოვიდსასტუმროებიც. 888 პაციენტია კოვიდსასტუმროში, ხოლო თავისუფალი ადგილი კი 300-მდეა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ არსებობს. თუმცა არსებობს იმის ალბათობა, რომ ქვეყანაში ეს შტამი უკვე შემოსულია. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებით კი საქართველოში ძირითადად ბრიტანული შტამია გავრცელებული.
ანანო ღუდუშაური