მთავარი გადაცემები გლობალური საუბარი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი ევროკავშირისგან ბალკანეთის მიმართ მეტ ყურადღებას ითხოვს

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი ევროკავშირისგან ბალკანეთის მიმართ მეტ ყურადღებას ითხოვს

ბრიუსელი დასავლეთი ბალკანეთის ლიდერების თავშეყრის ადგილია. ბალკანეთის ქვეყნების  ხელმძღვანელები და მთავრობის წარმომადგენლები ბრიუსელში ხშირად ჩამოდიან. მათ შორისაა ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი. „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანება და ამ გზაზე არსებული დაბრკოლებები, ასევე მისი დამოკიდებულება არაოფიციალურ დოკუმენტზე ე.წ. „ნონ-ფეიფერზე“, რომელიც გავრცელებული შეხედულებით, ყოფილი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებული სახელმწიფოებს შორის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს და რომელსაც, არაოფიციალური წყაროების მიხედვით,  სლოვენიის პრემიერ მინისტრი იანეზ იანშა უჭერს მხარს.

„ევრონიუსი“: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, თქვენ განაცხადეთ, რომ ევროინტეგრაციის სტაგნაცია საშიში გზავნილია დასავლეთი ბალკანეთისთვის და უარყოფითად აისახება ამ რეგიონის სტაბილურობაზე. რა მოხდება, თუ ევროკავშირში მიღების პროცესი თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყნებზე შეჩერდება?

 
სტევო პენდაროვსკი, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი:


„ეს ნიშნავს, რომ პოპულიზმი და ნაციონალიზმი მოიმატებს,  ეკონომიკა უკან წავა და შეიქმნება ისეთი ატმოსფერო, რომლის პირობებშიც  დასაშვები იქნება ისეთი არაოფიციალური დოკუმენტის შექმნა, როგორიცაა ე.წ. „ნონ-ფეიფერი“, როდესაც დასაშვები იქნება საზღვრების შეცვლაზე საუბარი. ეს ანაქრონისტული იდეაა, რადგან  21-ე საუკუნეში, 2021 წელს, 30 წლის წინ დადგენილი საზღვრების შეცვლაზე საუბრობს. დასავლეთი ბალკანეთის  იმ საზღვრების შეცვლაზე, რომლებშიც უზარმაზარი ინვესტიცია ჩადეს ევროპელებმა და რომელთა გამოც ხალხმა დიდი ეკონომიკური თუ სხვა სახის სირთულეები გაიარა. აი, ეს იქნება გაფართოების პოლიტიკის დასრულების შედეგი.“

„ევრონიუსი“: რა იცით იმ გავრცელებული არაოფიციალური დოკუმენტის შესახებ, რომელიც  დასავლეთ ბალკანეთში საზღვრების ცვლილების შეთავაზებით გამოდის?

სტევო პენდაროვსკი, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი:

„არფერი იმაზე მეტი, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა იციან, ყოველ შემთხვევაში მე მეუბნებიან, რომ არაფერი იციან. და მე ვიკითხე, რატომ არ იმაღლებენ ამაზე ხმას, მათ უნდა  დაგმონ ეს იდეები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი ავტორი და  ვისგან მოდის. საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეპ ბორელმა საკმაოდ აქტიურად და გასაგებად დაგმო ეს იდეები, თუმცა დროდადრო მე მაინც  ვითხოვ ევროკავშირის ყველა დონეზე, რომ გამოვიდნენ ამ იდეების წინააღდეგ, რადგან ეს ძალიან სახიფათო იდეებია, განსაკუთრებით იმ რეგიონში,  რომელიც სულ ახლახან გამოვიდა სისხლიანი ბალკანური ომიდან. 90-იან წლებში ჩვენს რეგიონში 100 ათასი ადამიანი დახოცეს, მილიონობით მოქალაქე გადასახლდა, მათ სახლებს დიდი ზიანი მიადგა, საუკეთესო ხალხმა დატოვა რეგიონი, სამშობლო  და ახლა თუ ვინმეს კვლავ საზღვრების შეცვლაზე სურს საუბრის დაწყება, მე გეტყვით, როგორც ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიარა, მართალია, არა ისე, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინელებმა Bosnia-Herzegovina, მაგრამ ჩვენც ვიცით რაღაც ამის შესახებ, როგორც იმდრონდელი მაკედონიისა და დღევანდელი ჩრდილოეთი მაკედონიის მოსახლეობამ. მე გარწმუნებთ, რომ ვერ შეცვლი ბალკანეთში საზღვრებს ისე, რომ იმავე დღეს სისხლისღვრა არ დაიწყოს.“

„ევრონიუსი“: თუ არსებობს ისეთი გარემოება, რომლის შემთხვევაშიც  დასავლეთ ბალკანეთში საზღვრების ცვლილებას დასთანხმდებოდით?

სტევო პენდაროვსკი, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი:

„არა და არა. ჩვენ ვიხილავთ ხალხს საშინელ განსაცდელში, ჩვეულებრივ ხალხს. ისინი, ვინც მაგიდასთან რუკებს ადგენენ და ცვლიან, არასოდეს ზარალდებიან, ჩვეულებრივი ხალხი აღმოჩნდება ხოლმე განსაცდელში. და ბალკანეთის ისტორიაში ეს უკვე საკმარისად გამოვცადეთ.“

„ევრონიუსი“: რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ჩრდილოეთი მაკედონია მზადაა, ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დაიწყოს?

სტევო პენდაროვსკი, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი:

„ჩვენ ყველაზე მომზადებული კანდიდატი ვართ ამ ორგანიზაციის ისტორიაში. ჩვენ 2005 წლიდან ვემზადებით, მას შემდეგ, რაც კანდიდატ ქვეყნად დაგვასახელეს. ჩვენ უამრავი ხალხი გვყავს, ვისაც ევროპული ცოდნა და გამოცდილება აქვს და დაუყოვნებლივ შეუძლიათ მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა სხვადასხვა მიმართულებით. იმას კი არ ვამბობ, რომ მხოლოდ ევროკავშირის ხელმძღვანელობაა დამნაშავე არსებულ ვითარებაში, იმის თქმა მინდა, რომ დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნების ხელისუფალნი, ჩემი ჩათვლით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საკმარისს არ აკეთებდნენ. ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრაზე აშკარაა, რომ, როდესაც შენ არ ხარ წარმოდგენილი, სტრატეგიულ სიცარიელეს ვიღაც სხვა შეავსებს. ეს კიდევ ევფემიზმია. ყველამ იცის, ვისზეც ვსაუბრობ, მესამე ქვეყნები იყენებენ ამას. თუნდაც ვაქცინის დიპლომატია ავიღოთ, გამოიყენეს ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ყველანი ჩავცვივდით ამ უპრეცედენტო პანდემიის გამო, რომლის მსგავსიც არაფერი ყოფილა თითქმის ერთი საუკუნე. და მათ ამ ვაკუუმის შევსება დაიწყეს. ამიტომ ვითხოვ, ევროპა მეტად იყოს წარმოდგენილი დასავლეთ ბალკანეთში. მე არ ვითხოვ პირდაპირ გაწევრიანებას, მე ვითხოვ, მომცენ საშუალება, რომ ეს პროცესი დავიწყოთ.“

„ევრონიუსი“: რა უნდა შეიცვალოს ბულგარეთთან დაკავშირებით, რომ არ დაუბლოკონ ჩრდილოეთ მაკედონიას მოლაპარაკებების დაწყება?

სტევო პენდაროვსკი, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი:

„მათ რეალობა უნდა გააცნობიერონ. არც მეტი არც ნაკლები. მათ განაცხადეს, რომ მე ან ქვეყნის წარმომადგენელმა რომელიმე სხვა პოლიტიკურმა ფიგურამ, ხელი უნდა მოვაწეროთ დოკუმენტს, რომ 1944 წლამდე ვიყავით ბულგარელები და არა ეთნიკური მაკედონიელები, რომ ვლაპარაკობდით ბულგარულ და არა მაკედონიურ ენაზე. ეს სრულიად წარმოუდგენელია დღეს სხვაგან, თანამედროვე ევროპაში. მაკედონიის ხელმძღვანელობის ზოგიერთი განცხადება ჩვენმა ბულგარელმა მეგობრებმა მიზანმიმართულად დაამახინჯეს, ისე გამოვიდა, თითქოს ჩვენ ველოდებით სოფიაში მთავრობის ცვლილებას. სიმართლე ის არის, რომ არავის არ ველოდებით. ჩვენ ველოდებით ბულგარეთში ახალ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას. ჩვენ თავად ბულგარელებს ველოდებით, რომ გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი.“

„ევრონიუსი“: როგორი იქნება ევროკავშირი, რომლის წევრიც ჩრდილოეთი მაკედონია იქნება?

სტევო პენდაროვსკი, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი:

„არ ვარ ძალიან ოპტიმისტურად გამწყობილი და არ ვამბობ, რომ ეს მოხდება. მაგრამ საზოგადოებრივი აზრი  ევროკავშირთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, შეიცვალა. არა იმიტომ, რომ ბულგარეთი გვბლოკავს და მანამდე საბერძნეთმა დაგვბლოკა, არამედ იმიტომ, რომ

ევროპა არ არის აქ საკმარისად წარმოდგენილი და არ იჩენს საკმარის ძალისხმევასა და ინიციატივას ბალკანეთის რეგიონის მიმართ. შემიძლია, დავასახელო საზოგადოებრივი აზრის იმ გამოკითხვის ერთი-ორი შედეგი, რომელიც ჩემს ქვეყანაში სულ ახლახან ჩატარდა, თუ არ ვცდები, ბოლო სამ თვეში. შეკითხვაზე, ევროკავშირში შესვლას ხომ არ ამჯობინებთ რომელიმე სხვა ევრაზიულ ან რეგიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, 39-მა პროცენტმა თქვა  – კი. შეკითხვაზე, რომელია თქვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობარი ქვეყანა, 23-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ეს რუსეთის ფედერაციაა. როდესაც გინდა, არჩევანი შენზე გაკეთდეს, მაგრამ არ ხარ საკმარისად წარმოდგენილი, ხალხი ალტერნატივას ეძებს.“

„ევრონიუსი“: მოდით, ვაქცინაზე ვისაუბროთ. რა დონეზეა დღეს ჩრდილოეთ მაკედონიაში ვაქცინაციის კამპანია?

სტევო პენდაროვსკი, ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტი:

„რამდენიმე დღეში ჩინურ ვაქცინას მივიღებთ. უკვე მივიღეთ „ფაიზერი“ და „სპუტნიკი“ სერბეთის მეშვეობით. უკვე ავცერით 40-დან 50 ათასამდე მოქალაქე და ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. ამიტომ მესმის, ხალხი იმედგაცრუებული და გაბრაზებული რომ არის. მე პირადად ვიყავი ჩართული ვაქცინის შესყიდვის პროცესში და ვეხმარებოდი ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიგვეღო ვაქცინის დიდი პარტიები. და ჩვენი, ჩემი ცდა არ აღმოჩნდა წარმატებული.  ვერ ვიტყოდი, რომ ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ან ევროკავშირმა ან დასავლეთელმა მეგობრებმა გვიღალატეს, როგორც ასეთი. მე უფრო ვიტყოდი, რომ ღარიბი ქვეყნები დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაგვაღალატეს. თუკი გერმანია, საფრანგეთი ან რომელიმე სხვა ძლიერი ევროპული ქვეყანა ვერ ატარებს შესაბამის იმუნიზაციას, იმიტომ, რომ დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა სადღაც სხვაგან გაიხედეს, რაღა უნდა ვთქვათ ღარიბ ბალკანურ ქვეყნებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ ვინმეს რამე პირობა უკარნახონ.“

ავტორი: ჯეკ პაროკი

უახლესი

სხვა ამბები

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტიჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი

Send this to a friend