მთავარი ევროპა ჩეხეთის რესპუბლიკა ჩეხი დემონსტრანტები პრეზიდენტს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

ჩეხი დემონსტრანტები პრეზიდენტს რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

ათი ათასამდე ჩეხი დემონსტრანტი შეიკრიბა წმინდა ვაცლავის ძეგლთან პრაღაში. აქცია ქვეყნის პრეზიდენტის მილოშ ზემანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2014 წელს საწყობში მომხდარ აფეთქებას რუსეთის სპეცსამსახურთან შესაძლოა, კავშირი არ ჰქონდეს.

„პრეზიდენტმა თავიდან დუმილი არჩია, შემდეგ კი თავის მიმართვაში, ფაქტობრივად, რუსული პროპაგანდა გაავრცელა, რითაც ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურს დაუპირისპირდა. ეს ნამდვილი სკანდალია“, – ამბობს ბენჟამინ როლი, აქციის მონაწილე.

„პრეზიდენტი რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობს. ის მათ ბრძანებებს ასრულებს“, – ავგუსტინ ბერნატი, აქციის მონაწილე.

„იგი ჩეხეთის კონსტიტუციას პატივს არ სცემს და რუსეთის ინტერესებს ემსახურება“, – კლარა ჰოლიკოვა, აქციის მონაწილე.

 

ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური კრიზისია.

მას შემდეგ, რაც გამოძიებამ აჩვენა, რომ 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული, ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსეთში ბრალდებებს უარყოფენ. საპასუხოდ მათ მოსკოვიდან 20 ჩეხი დიპლომატი დაითხოვეს.

ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საზოგადოება პანიკას არ უნდა აჰყვეს და საბოლოო შედეგებს დაელოდოს.

აფეთქებასთან დაკავშირებული გამოძიება ახლა ჩეხეთის პროკურატურამ გადაიბარა.

 

უახლესი

სხვა ამბები