მთავარისაქართველომუსიკა როგორც თავისუფლება - 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა

მუსიკა როგორც თავისუფლება – 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა

დღეს 30 აპრილია და საერთაშორისო კალენდრის მიხედვით,  ჯაზის დღეა.

ეს დღე 10 წლის წინ იუნესკომ დააარსა. ვებსაიტზე, რომელიც  ჯაზის საერთაშორისო დღისათვის შეიქმნა  განსაზღვრულია ამ დღის დაარსების მიზანი – ჯაზის როლი მსოფლიოს ხალხების გაერთიანებაში.

წელს ჯაზის დღეს მსოფლიოს 200 ქვეყანა მეათედ აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც.

სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ვახო ხიდაშელი ტელეფონში საყვარელ მელოდიას ირჩევს და გზას ასე განაგრძობს. ის ჯაზის მსმენელია. ყველაზე ხშირად მისი ყურსასმენებიდან   თანამედროვე ჯაზი ისმის.

 
„ჯაზში ყველაზე მეტად ის მიყვარს რომ მისი ძალიან დიდი ნაწილი იმპროვიზაციაა, ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა სივრციდან ამოდის და მუსიკაც ხშირად იმ მომენტში იბადება და არასდროს არის მუდმივად იგივე“-ამბობს ვახო

მათ ვინც ჯაზს უსმენს, მიაჩნიათ, რომ ეს მუსიკა ყველასთვის არ არის…

„ ჯაზი საკმაოდ მომთხოვნი მუსიკაა ის მსმენელისგან ყურადღების ისეთ ხარისხს მოითხოვს, რომელიც შეიძლება არ დასჭირდეს გასართობ მუსიკას. შენ ბოლომდე უნდა შეხვიდე მასში და შესაბამისად გასაგებია, რომ ყველას არ აქვს ის ნებისყოფა და ის სმენითი კულტურა, რომელიც ჯაზთან ერთად ყალიბდება, მეორე მხრივ ჯაზი სწორედ ამით არის გამორჩეული“, -ამბობს მუსიკათმცოდნე კახა თოლორდავა

მელოდიაში, რომელშიც იმრპოვიზაციას და პოლირითმიასაც თავისი დრო და ადგილი აქვს ბევრისთვის საყვარელი მუსიკაა. ასეთია აფრო-ამერიკული კულტურის მონაპოვარი  -ჯაზი.

მუსიკოსი რეზო კიკნაძე ბენდრეკუნიჯიოლასთან“ ერთად რეპეტიციას გადის. პანდემია არ ავიწყდებათ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია მსმენელს პირისპირ ვეღარ ხვდებიან,  იმედი მაინც აქვთ, რომ მალე ჯაზს ცოცხალი მსმენელისთვის  დაუკრავენ.

„ჯაზი მაინც ის მუსიკაა, რომელიც თვითონ აგირჩევს , ბევრი ადამიანი ვიცი ჩემნაირი, ვისაც უცბათ აღმოაჩნდება მიზიდულობა ამ მუსიკის მიმართ, მერე ვეღარაფერს უხერხებს თავს და უნდა აირჩიოს ინსტრუმენტი და უნდა ეზიაროს მას როგორც ინსტუმენტალისტი ან ვოკალისტი, ასე რომ ჯაზი ისეთი მიდრეკილება და ცხოვრების წესია, რომელიც თუ აღმოგაჩნდება ვერ მოერევი და უნდა გაჰყვე“-ამბობს კომპოზიტორი რეზო კიკნაძე

სახელი „რეკუნიჯიოლა“ ბენდის მუსიკოსთა სახელების პირველი მარცვლებისგან აეწყო. დრამერი და კომპოზიტორი ირაკლი ჭოლაძე ამბობს, რომ არ მოსწონს როცა მუსიკას მიმდინარეობებად ყოფენ. ამის გამო არ უყვარს როცა ჯაზმენს უწოდებენ.

„გარშემო იმდენი სტერეოტიპი და შტამპია, რომ ვცდილობ ეგ სიტყვა არ გამოვიყენო, მაგრამ რა თქმა უნდა, მიყვარს ჯაზი. ჩემთვის ჯაზი თავისუფლებაა, რაღაც სულისკვეთებაა, ასევე ცხოვრების რაღაცნაირი წესრიგია“-ამბობს დრამერი და კომპოზიტორი ირაკლი ჭოლაძე

მუსიკის  მოყვარულებს გასული წლის მსგავსად, წელსაც მოუწევთ ჯაზის დღეს მოკრძალებულად შეხვდნენ.  ცოცხლად შესრულების ნაცვლად  ვირტუალურად მოუსმინონ საყვარელ მუსიკოსებს და ერთი რამ ახსოვდეთ:

რეზო კიკნაძე:„ჯაზი ის მუსიკაა, რომელსაც შეუძლია ყველანაირი მუსიკალური ენა შეითვისოს და ჯაზის ენად აქციოს, ამ თვალსაზრისით შესაძლოა გარკვეული თავისუფლება ვიპოვოთ ჯაზში“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend