მთავარიგადაცემებიFarm to Forkმეცხოველეობის ჯანმრთელობის სტანდარტები

მეცხოველეობის ჯანმრთელობის სტანდარტები

ყოველ წელს ევროკავშირში 40 მილიონ ტონაზე მეტ ხორცს აწარმოებენ  და ბაზარზე გააქვთ. ადამიანის გამოკვება შინაურ ცხოველებს ძალიან ძვირი უჯდებათ, რადგან თანამედროვე ინტენსიური ფერმის სისტემის გამო, პირუტყვის ხშირად ავადდება.

ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გათვლებით, ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის გამო, გლობალურ დონეზე მეცხოველეობის პროდუქციის  20 პროცენტი იკარგება.

პირუტყვის ჯანმრთელობის სტანდარტები ევროკავშირის „ფერმიდან სუფრამდე“ სტრატეგიის საკვანძო საკითხებია. მაინც რას გულისხმობს ეს სტანდარტები?

ჩვენ ვესტუმრეთ ღორების ფერმას იტალიაში, მილანთან ახლოს, ქალაქ ბრეშასა და კრემონას პროვინციაში, სადაც სურსათის კომპანიის პარტნიორები პირუტყვის ჯანმრთელობის მაღალ სტანდარტს ნერგავენ.

 

პიეტრო პიზაგალი, კომპანია FUMAGALLI-ის  სანაშენე სექტორის ხელმძღვანელი:

​„ჩვენთვის პირუტყვის ჯანმრთელობა იმას ნიშნავს, როცა ცხოველი სანაშენე მეურნეობაში თავს თავისუფლად გრძნობს და მას თავისი ბუნებრივი ქცევა არ ეზღუდება.“

“ამ ფერმაში, კრემონასთან ახლოს, ღორები სანახევროდ ღია სადგომში იზრდებიან, ევროპული სტანდარტების მაჩვენებლებზე გაცილებით მეტი სივრცე აქვთ და თივაში თავისუფლად ნებივრობენ. შედეგად, ნაკლები სტრესი აქვთ და ნაკლებად აგრესიულებიც არიან. ჰაერის ხარისხისა და ტემპერატურის დეტექტორი და სათვალთვალო კამერა საღორეს მუდმივად აკვირდება. მონაცემები ფერმერს სმარტფონში უწყვეტად მიეწოდება.”

პიეტრო პიზაგალი, კომპანია FUMAGALLI-ის  სანაშენე სექტორის ხელმძღვანელი:

„ამ ადგილას სპეციალურად დავაყენეთ საკონტროლო სისტემა, რომელიც დამწყებმა ბიზნესმა შექმნა. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, წუთის სიზუსტით დავაკვირდეთ, თუ რამდენად კარგ პირობებშია ცხოველი. ასეთი მენეჯმენტის წყალობით, ანტიბიოტიკების გამოყენება საგრძნობლად შევამცირეთ.“

პირუტყვის ჯანმრთელობისთვის ისეთ მნიშვნელოვანი განყოფილება, როგორიცაა გამრავლების სადგომი, პათოგენებისაგან საიმედოდ არის დაცული. აქ ადამიანი მხოლოდ  სპეციალური ტანსაცმლით დაიშვება და ჰიგიენის წესებსაც მკაცრად აკონტროლებენ.

ამ სადგომში მაკე დედა ღორი მეტი სივრცითა და თავისუფლებით სარგებლობს.

ჯიორჯიო სანტი, კომპანია NERVIANO PIG FARM-ის მენეჯერი:

​„ევროპის კონვენციისაგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც, დედა ღორი დახურულ სადგომში 28 დღე უნდა დარჩეს, ჩვენ მას მხოლოდ 36 საათის განმავლობაში ვსვამთ ცალკე [როდესაც განაყოფიერების ორ ციკლს გადის], მერე ვუშვებთ და ის თავისუფლად დანავარდობს.“

გედიში, ბრეშას მახლობლად მდებარე ფერმაში დანაყოფები უფრო ფართოა, ვიდრე ამას სტანდარტი ითხოვს. აქ დედა ღორისთვის ბევრი ჩალაა, რომ სამშობიაროდ მოემზადოს, გოჭების გასათბობად კი სპეციალური განყოფილება, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

პიეტრო პიზაგალი, კომპანია FUMAGALLI-ის  სანაშენე სექტორის ხელმძღვანელი:

„როგორც წესი, დედა ღორი დაბმულია. მაგრამ აქ  ექვს-ნახევარი კვადრატული სივრცეა და იგი თავისუფლად მოძრაობს. ასეთ გარემოში დედა ღორი უფრო ბუნებრივად იქცევა, როდესაც გოჭებს ძუძუ უნდა აწოვოს, ნაშიერს თავისებურად უხმობს. გოჭები ტოვებენ სადგომს და მისკენ გარბიან.“

შენახვის კარგი პირობები აუმჯობესებს როგორც  შინაური ცხოველების ჯანმრთელობას, ისე სურსათის ხარისხს და პირუტყვს ნაკლები მკურნალობა  სჭირდება. საბოლოო მომხმარებელი სულ უფრო მეტად ირჩევს ისეთ ცხოველურ პროდუქტს, რომლის წარმოების სტანდარტიც პირველივე დღიდან დაცულია.

არნალდო სანტი, კომპანია FUMAGALLI-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„დღეს მომხმარებელი პროდუქტს  იმიტომ აღარ ირჩევს, რომ ის კარგად გამოიყურება. მზა პროდუქტი მომხმარებლის არჩევანს  მხოლოდ სანახევროდ განაპირობებს, დანარჩენი 50 პროცენტი წარმოების სრულ ჯაჭვზე მოდის, რომელშიც შედის ცხოველის წარმოშობა, მისი მოვლის პირობები და ზოგადად მიკვლევადობის სრული სისტემა. აი, ეს ქმნის ბაზარზე  არჩევანს.“

ამ პირობების გათვალისწინებით, ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, დანიამ, უკვე შექმნა ჯანმრთელი პირუტყვის საწარმოო ჯაჭვი.

2023 წლისთვის ევროკომისია გამოვა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ჯანმრთელი პირუტყვის მოშენების ახალ სტანდარტებსა და  უფრო თანმიმდევრულ პოლიტიკას  განსაზღვრავს.

ავტორი: კლაუდია როსმინო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend