მთავარიევროპაბელგიაჯო ბაიდენის მიერ გენოციდის აღიარებას სომხური და თურქული დიასპორები ეხმაურებიან

ჯო ბაიდენის მიერ გენოციდის აღიარებას სომხური და თურქული დიასპორები ეხმაურებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას ევროკავშირში გამოხმაურება მოჰყვა.

გენოციდი ევროპარლამენტს, ევროკავშირის 16 წევრ ქვეყანასა და კიდევ 13 სხვა სახელმწიფოს აქვს აღიარებული.

ბელგიის სომეხთა თემის წარმომადგენლების განცხადებით, აუცილებელია, რომ გენოციდთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდეს.

 
„არ არის საჭირო, რამე მოვლენა ყველამ აღიაროს იმისათვის, რომ ის ფაქტად ჩაითვალოს. ის, რომ სომხების გენოციდი მოხდა, აშკარაა. მას შემდეგ, რაც ამერიკამაც აღიარა ეს, საჭიროა ჩვენი ძალისხმევა ცნობიერების ამაღლებისკენ მივმართოთ“, – ამბობს ბელგიაში მცხოვრები სომხების კომიტეტის პრეზიდენტი ნიკოლას ტავიტიანი.

1915-1921 წლებში ოსმალეთის იმპერიაში ერთმილიონ-ნახევარი სომეხი დაიღუპა. მტკიცებულებების მიუხედავად, თურქეთში ამ მოვლენას გენოციდად არ აფასებენ.

ბრიუსელში მცხოვრები თურქების აზრით, ამერიკის პრეზიდენტი ამ თემას პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თურქეთი ვითარდება და უფრო ძლიერი ხდება, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით. დასავლეთს ეს არ სიამოვნებს“, – ამბობს ბრიუსელის მცხოვრები მესუტ ტურკოზი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავა.

ექსპერტების აზრით, თურქეთისთვის ეს საკითხი შემაშფოთებელია.

„თურქეთს ამჟამად ბევრ ქვეყანასთან გაუფუჭდა ურთიერთობა, მათ შორის რუსეთთან, ისრაელთან და ევროკავშირთან. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის საზიანოა. ახლა თურქეთს სანდო პარტნიორები სჭირდება, ამიტომაც ამ საკითხის გამო იგი, სავარაუდოდ, არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს“, – აცხადებს ლექტორი სედა გურკანი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხს თურქეთის მთავრობა, სავარაუდოდ, ქვეყნის შიგნით ნაციონალიზმის გასაღვივებლად გამოიყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend