მთავარიკუბისაქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში ვაქცინაციის ონლაინპლატფორმას დაემატა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც 18 წელს გადაცილებულთათვისაა ხელმისაწვდომი.

რეგისტრაციის პროცესი 27 აპრილს 20:00 საათზე დაიწყო, აცრები კი 20 მაისიდან დაიწყება.

„სინოფარმი“ ინაქტივირებული ვირუსისგან დამზადებული ვაქცინაა, რომელსაც ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფი აწარმოებს.

პრეპარატს სრული ავტორიზაცია ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და სეიშელის კუნძულებზე აქვს მიღებული, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია კი — 36-მდე ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთში, სერბეთში, არგენტინასა და ეგვიპტეში.

„ორ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მესამე ფაზის კვლევების შესაბამისად, ჩინური ვაქცინის  „სინოფარმის“ ეფექტიანობა 79-86 პროცენტს შეადგენს“, — აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

საქართველოში „სინოფარმის“ 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოლაპარაკებები „სინოფარმთან“ გრძელდება და არის პირობა, რომ ივნისში საქართველოში დამატებით 250 000 დოზა შემოვა.

„სულ ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეეხება სინოფარმით ვაქცინირებულ 519 000 ადამიანს და გვერდითი მოვლენების დეტალურ აღწერას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც ვიწყებთ სინოფარმის გამოყენებას, გახლავთ ის, რომ არცერთ პაციენტთან, 519 000 შემთხვევიდან, არ არის დაფიქსირებული სერიოზული გვერდითი მოვლენა“ — აცხადებს ივანე ჩხაიძე — „დღეისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანია აცრილი სინოფარმით, არანაირი ფაქტი, პუბლიკაცია ან ინფორმაცია არ არსებობს, რომ მას სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოეწვიოს“.

ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას „სინოფარმის“ ვაქცინა არ დაუმტკიცებია, თუმცა ჯანმომ ვაქცინის გამოყენების შესახებ განხილვა 26 აპრილს დაიწყო და ორგანიზაციის გადაწყვეტილება ცნობილი 30 აპრილამდე გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend