მთავარი გადაცემები კუბი ევროკავშირმა კომპანია AstraZeneca-ს უჩივლა

ევროკავშირმა კომპანია AstraZeneca-ს უჩივლა

ევროკავშირმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს უჩივლა. მიზეზი ვაქცინის მიწოდების დაგვიანება და სათანადო გეგმის არარსებობაა.

საქმე ეხება ევროკომისიასა და „ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ შორის გასული წლის აგვისტოში დადებულ შეთანხმებას, რომელიც  ითვალისწინებდა  ვაქცინის 300 მილიონი დოზის მიწოდებას 100 მილიონი დამატებითი დოზის პერსპექტივით.

კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ვაქცინების მიწოდება  წარმოების პროცესში შექმნილი პრობლემების გამო შეიძლება შეფერხებულიყო. წლის პირველ კვარტალში ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი 80 მილიონი დოზიდან მხოლოდ 30 მილიონი დოზა გაიგზავნა.

 
კომპანია „ასტრაზენეკას“ ადმინისტრაცია გამოეხმაურა საჩივარს და განაცხადა, რომ მათ სრულად შეასრულეს შეთანხმების პუნქტები და იმედი აქვთ, რომ ევროკავშირთან კამათს მალევე დაასრულებენ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ისინი ცდილობენ, მიაღწიონ პროგრესს იმ ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც შეექმნათ და რომ ვაქცინის წარმოების პროცესი ძალიან გრძელია და მის გაუმჯობესებას გარკვეული დრო სჭირდება.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კონტრაქტი „ასტრაზენეკას“ ავალდებულებს „გააკეთოს ყველაფერი“ იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნა, თუმცა კონკრეტული გრაფიკის გათვალისწინება არ მოეთხოვებოდათ.

ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ ემზადება, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა გააგზავნოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანო ჩაატარებს შესაბამის შემოწმებას.

აღსანიშნავია ის, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას აშშ-შიც აწარმოებენ, თუმცა მისი გამოყენების უფლება წამლისა და სურსათის სააგენტოს ჯერჯერობით არ გაუცია. აშშ-ში მოსახლეობა იცრება „მოდერნას“, „ფაიზერისა“ და „ჯონსონენდჯონსონისვაქცინებით.

უახლესი

სხვა ამბები

AstraZenecaAstraZeneca