მთავარი COVID-19 "ხომ კარგად ვიქნები?" - ერთი ექთნის ამბავი

“ხომ კარგად ვიქნები?” – ერთი ექთნის ამბავი

რეანიმაციული განყოფილების უფროსი ექთანი, 54 წლის მაია ილურიძე თავად იყო კოვიდინფიცირებული, ახლა კი ერთი სული აქვს, როდის გავა ინფიცირებიდან 120 დღე იმისათვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. მას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კორონავირუსის ჯერ კიდევ არ სჯერათ, სათქმელი აქვს.

„შეხვალ კოვიდრეანიმაციაში, მიესალმები, მოეფერები, გაგიღიმებენ და გისვამენ კითხვას: „ხომ კარგად ვიქნები?“  სპეციფიკური სამუშაოა, რა თქმა უნდა, ჯერ მარტო ჩაცმულობით. კოვიდინფიცირებულები ძალიან საყვარლები არიან. შეშინებული სახეები აქვთ, თვალები კი – გაფართოებული.  ისინი ჩვენს სახეებზე იმედს ეძებენ.

ჩემი დღე კლინიკით იწყება და მისით მთავრდება. ჩემი ცხოვრება ამ ყველაფერს მოერგო. ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი, ხალხმა აცრები გაიკეთოს და თავისუფლად ვიაროთ ქუჩაში, ნიღბის გარეშე.

მესამე ტალღას ველოდებოდით, იმიტომ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული რეკომენდაციები და წესები ხშირად ირღვეოდა. მე თვითონ ვხედავდი, როგორ არღვევდნენ რეგულაციებს. ხალხი ქუჩაში პირბადის გარეშე მოძრაობდა, არც დისტანციას იცავდა. ხშირად მიკითხავს კიდეც: „რატომ აკეთებთ იმას, რომ მესამე ტალღა დაიწყოს ქვეყანაში?“

იმას, ვისაც არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს, ვთხოვ, რომ მხოლოდ ერთი დღე მოვიდეს აქ“,  – ამბობს მაია ილურიძე, რეანიმაციული განყოფილების უფროსი ექთანი.

უახლესი

სხვა ამბები