მთავარიაზიაავღანეთიავღანეთი ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ

ავღანეთი ამერიკული ჯარის გასვლის შემდეგ

21 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არმია ავღანეთს ტოვებს. ვაშინგტონში დარწმუნებულები არიან, რომ ავღანეთიდან ტერორისტული თავდასხმის საშიშროება აღარ არის.

ავღანეთში კი მომავალს შიშით უყურებენ. ერთ-ერთი ტომის უხუცესს, დავლათ ხანს კარგად ახსოვს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ ჩადენილი სისასტიკე.

“როდესაც სახლში ბავშვები ცუდად იქცევიან მათი დედა ისლამური სახელმწიფოთი აშინებს. ბავშვებზე ეს მოქმედებს, რადგან მათ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ ჩადენილი ათასი სისასტიკე აქვთ ნანახი”, – დავლათ ხანი, ტომის უხუცესი.

ისლამური სახელმწიფოს ავღანელი, პაკისტანელი, არაბი მებრძოლები მთავრობაში დასაქმებულ ადამიანებს იტაცებდნენ, ხოლო მათ უსულო სხეულებს მოგვიანებით ქალაქის ქუჩებში პოულობდნენ.

იყო შემთხვევაც, როდესაც სოფლის მაცხოვრებლებს ადამიანის მკვლელობის ყურება აიძულეს.

“ჩვენ გვეშინია. ჩვენ გვეშინია, რადგან ვიცით რაც მოხდა მთელ რიგ სოფლებში. იგივე დიდ ქალაქებშიც, პრეზიდენტის სასახლის გარეთაც შეიძლება მოხდეს”,  – დავლათ ხანი ტომის უხუცესი.

თალიბანის, ავღანური და ამერიკული არმიების ძალისხმევით ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მთებში გაიხიზნენ.

თალიბანის წარმომადგენლებმა კი ვაშინგტონს პირობა მისცეს, რომ ავღანეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტული საფრთხე აღარასოდეს დაემუქრება.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა უკანდახევისას მინდვრები და გზები დანაღმეს.

ტაქსის მძღოლი, საიდა ჯანი ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი მებრძოლები მტვირთავებად არიან დასაქმებულები და მკვლელობის ჩადენას არ ერიდებიან.

მათი სამიზნე, შიიტი მუსლიმები, ქალთა უფლებების დამცველები და ჟურნალისტები არიან.

“გვსმენია, რომ ისლამური სახელმწიფოს ყოფილი მებრძოლები მტვირთავებად მუშაობენ. ასევე მსმენია მიწისქვეშა, საიდუმლო ადგილების შესახებ, სადაც საშიში ადამიანები არიან”, – საიდა ჯანი, ტაქსის მძღოლი.

გასულ წელს დედაქალაქ ქაბულში, უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად 50 სტუდენტი გარდაიცვალა.

ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო სამშობიარო სახლზე თავდასხმაზე, მაშინ იქ  ფეხმძიმე ქალები და ახალშობილები დაიღუპნენ.

“ჩვენ ხელს ვერავის დავადებთ. ეს ძალიან საშიშია. ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, გარშემო ბევრი ისლამური სახელმწიფოს ყოფილი მებრძოლია”,- ასმათზულა ზალანდი, მარმარილოს ქარხნის მფლობელი.

აბდულ რაუფის ქალიშვილი ჟურნალისტი იყო, ის ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის დროს  დაიღუპა, რაუფი ხშირად აკითხავს ქალიშვილს სასაფლაოზე და მისი დანარჩენი შვილების მომავალზე ღელავს.

“ჩემი ქალიშვილი წამებულია. მე ახლა ჩემს დანარჩენ ქალიშვილებზე ვდარდობ. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან და თუ თავდასხმები გაგრძელდება არავინ იცის ვის რა ელის”, -აბდულ რაუფი, ხელოსანი.

ავღანეთიდან ამერიკული არმიის ნაწილების გასვლა უკვე დაწყებულია.

ჯარების გაყვანის ბოლო ეტაპი პირველ მაისს დაიწყება.

11 სექტემბერს ამერიკული არმიის უკანასკნელი 3 500 მდე ჯარისკაცი დატოვებს ავღანეთს, NATO-ს ეგიდით ავღანეთში დისლოცირებული 7 ათასი ჯარისკაციც იგივე განრიგს მიჰყვება.

ბევრი ადგილობრივის აზრით ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის კონფლიქტი განახლდება.

“ყველასათვის ნათელი რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, ავღანურ არმიას იგივე მხარდაჭერა აღარ ექნება. წინ ბევრი პრობლემაა”,-ჰაჯი დინ მოჰამედი, ეროვნული შერიგების ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე.

ავღანეთის მთავრობის 300 ათასიანი არმია მორალურ კრიზისშია, არსებობს პრობლემები კორუფციის მიმართულებითაც.

მკვლევრების აზრით, თალიბანი ალქაიდასთან თანამშრომლობს, თალიბანის წარმომადგენელთა მტკიცებით კი მათ ალქაიდას წევრებს ავღანეთის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ისლამური სახელმწიფო კი ამ დროს აქტიურად ცდილობს ახალგაზრდების გადაბირებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend