გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იმ მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება, რომელთაც ვაქცინა აქვთ გაკეთებული.
კანცლერი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც ვაქცინაციის ორივე ეტაპი გაიარა, სალონებსა და მაღაზიებში სიარული თავისუფლად უნდა შეეძლოთ და კარანტინის გავლა თუ თვითიზოლაციაში ყოფნა აღარ უნდა დასჭირდეთ.
„რობერტ კოხის ინსტიტუტის ადმინისტრაციამ თავის რეგულაციაში უკვე აღნიშნა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული, ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი კარანტინი აღარ უნდა შეეხოთ, ასევე მაღაზიაში შესასვლელად მათ ტესტების გაკეთება აღარ უნდა დასჭირდეთ”,- განაცხადა ანგელა მერკელმა.
მთავრობა პარლამენტში წარადგენს ახალ განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აცრილი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს.
შემსუბუქებული შეზღუდვები შეეხებათ იმ პაციენტებსაც, რომლებსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვთ. მათ PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევთ.
ანგელა მერკელს არ განუსაზღვრავს ზუსტი თარიღი, თუ როდის შევა შემსუბუქებული შეზღუდვები ძალაში.