მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიბუქარესტის ავარიული შენობები

ბუქარესტის ავარიული შენობები

რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი ევროკავშირში სეისმურად ყველაზე მაღალი  რისკის ზონად ითვლება. ქალაქში კი ასობით ავარიული შენობა დგას, რომელთა გამაგრებაზეც არავინ ფიქრობს და რომელთა ბინადარნიც მუდმივ შიშში ცხოვრობენ.

ვიოლეტა და ასად ჰუსიენები   ერთ-ერთ ასეთ ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. ისინი 21 წელია, იბრძვიან, რომ როგორმე ეს შენობა გაამაგრებინონ. გასამაგრებელი სამუშაოების ნაწილი დაიწყო კიდეც, მაგრამ არ დასრულდა. ასეთი მაგალითი, სამწუხაროდ,  ბევრია.

„ერთხელ შედარებით ძლიერი მიწისძვრა მოხდა“, – იხსენებს ვიოლეტა. „ღამე იყო. ამ კორპუსისა და მეზობელი კორპუსების მეხუთე-მეექვსე სართულის ბინადარნი გარეთ  ღამის პერნგებით გავცვივდით. ეს მართლა ხდება აქ.“

ბუქარესტის ადგილობრივი მთავრობა ავარიული შენობებში მცხოვრებ მოსახლეობას მიწისძვრის დროს გამოსადეგი პირველადი მოხმარების ნივთების კომპლექტებს ურგებს, რომელშიც შედის წყალი, სასტვენი, ბინტი, ნიღაბი და რადიო.

ვიოლეტას და ასადის ბინა 1934 წელს აგებულ შენობაშია, რომელიც ბუქარესტში ყველაზე ავარიული სახლების რიცხვში შედის. ბუქარესტი ევროკავშირში  სეისმურად ყველაზე მაღალი  რისკის ზონად ითვლება. ექსპერტები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ეს შენობა  6-ბალიან მიწისძვრასაც  ვერ გაუძლებს.

დედაქალაქში ასეთივე მაღალი რისკის მქონე ასობით შენობა დგას. ისინი წითელი ნიშნითაა აღნიშნული. ურბანული გეოგრაფის ბოგდან სუდიტუს  არასამთავრობო ორგანიზაციამ ბუქარესტის საშიში შენობების რუკა შეადგინა. ზოგიერთი მიტოვებულია, ზოგში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი. ყველა ძალიან სახიფათოა.

ბოგდან სუდიტუ, ბუქარესტის უნივერსიტეტის  სოციალური გეოგრაფიის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია MAKE BETTER – MKBT-ის თანადამფუძნებელი:

«ეს წითლით აღნიშნული ყველაზე ძველი შენობაა, მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული. შენობამ ბევრ მიწისძვრას გაუძლო, 1940, 1977, 1986, 1990, 1991 და 1994 წლებში.“

ამ მიწისძვრებს შორის ყველაზე შემზარავი 1977 წლის მიწისძვრა იყო, რომლის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდი იყო და დაახლოებით 1600 ადამიანი შეიწირა. 33 ათასი შენობა დაზიანდა ან დაინგრა. მას შემდეგ სულ რამდენიმე გასამაგრებელი სამუშაო ჩატარდა.

ბოგდან სუდიტუ, ბუქარესტის უნივერსიტეტის  სოციალური გეოგრაფიის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია MAKE BETTER – MKBT-ის თანადამფუძნებელი:

„ძალიან მაღალი რისკის მქონე 317 შენობაში 8 ათასი სული ცხოვრობს.  1977 წლის 4 მარტის მსგავსი მიწისძვრა რომ განმეორდეს, მსხვერპლი 8 ათას კაცს გადააჭარბებს.“

რაც დრო გადის, ამ შენობებში მცხოვრებთ და ბინის მფლობელებს უფრო მეტად ეშინიათ და თავს უძლურად გრძნობენ. ფინანსების დეფიციტის, ბიუროკრატიის, პოლიტიკოსთა ჭიდილის, კორუფციისა და რთული სამართლებრივი საკითხების გამო ვითარება ჩიხში შევიდა.

ბოგდან სუდიტუ, ბუქარესტის უნივერსიტეტის  სოციალური გეოგრაფიის პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია MAKE BETTER – MKBT-ის თანადამფუძნებელი:

„დღესდღეობით, ამ პრობლემის გადასაჭრელი ტექნიკური მექანიზმი არ გვაქვს. არც სამართლებრივი გზა არსებობს, არც ფულია და არც სურვილი, რომ ეს შენობები გადაარჩინონ და იქ დასახლებული ხალხი დაიცვან.“

განვითარების სამინისტრომ „ევრონიუსთან“  შეხვედრა  და პრობლემის განხილვა არ ისურვა. ბუქარესტის მერიაში მაღალი რისკის მქონე შენობების ადმინისტრაციის ახლადდანიშნული დირექტორი ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ისინი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მთავრობასთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო ბანკებთან. იგი ამბობს, რომ  უკვე 15  სარეაბილიტაციო პროექტია დაწყებული.

ედმონდ ნიკულუშკა, ბუქარესტის სეისმური რისკის მქონე შენობების ადმინისტრაციის დირექტორი:

„პირველი შემთხვევაა, რომ დავიწყეთ დისკუსია  ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტთან, ტექნიკურ უნივერსიტეტთან, არქიტეტორებთან, ექსპერტებთან და პროფესიონალებთან, რომ სტრატეგია შევიმუშაოთ.“

ვინაიდან მოკლევადიანი გამოსავალი არ არსებობს,  იმედის თვალით ყველა ეროვნულ სეისმურ ინსტიტუტს შესცქერის. ექსპერტები სეისმურ ცვლილებებს რვა ადგილობრივ ობსერვატორიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განუწყვეტლივ აკვირდებიან. როგორც დირექტორი გვიხსნის, არავის შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს, როდის მოხდება კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა ბუქარესტში. მაგრამ სავარაუდო შედეგის მოდელირება შესაძლებელია.

კონსტანტინ იონესკუ, გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი:

„ჩვენ გვაქვს სპეციალური ციფრული პროგრამა, რომელიც მიწისძვრას აფასებს. ყველა სეისმური სადგური თითოეულ ბიძგს აღნუსხავს. ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენად იგრძნეს მიწისძვრა ქალაქში.  დედამიწის რყევების სიხშირე შენობების საძირკველზე აისახება. მიწისძვრის ამ პარამეტრების წყალობით, ზუსტად ვიცით, რა ეფექტი ჰქონდა ბიძგებს ამ შენობებზე.“

ავარიული შენობების რისკის გამო, ბუქარესტში მეხანძრეები, მაშველები და მოხალისეები წვრთნებს გადიან.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია 20 ძაღლს ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხის პოვნას ასწავლის. ეს ძაღლები ალბანეთში ბოლო მიწისძვრის დროს უკვე გამოსცადეს და ახლა სრულ მზადყოფნაში არიან.

ვლად პოპესკუ, ორგანიზაცია CLUBUL CAINI UTILITARI-იში ძაღლებს წვრთნის.

„ჩვენ იმაზე ვღელავთ, რომ ჩვენი გაწვრთნილები [ხალხიც და ძაღლებიც] შესაძლოა თვითონ აღმოჩნდნენ ნანგრევების ქვეშ“, – ამბობს ვლადი. „ ეს ჩვენი მთავარი საფიქრალია. სხვა შემთხვევაში ეს მათთვის კიდევ ერთი წვრთნა იქნება. ჩვენთვის, ყველასთვის, როგორც ტრენერების, ისე მოხალისეებისთვის, ეს ნამდვილი გამოწვევა იქნება, როდესაც ერთად უნდა დავდგეთ და ისე გავუმკლავდეთ სირთულეს. რადგან რასაც ვნახავთ, ეს ემოციურად ჩვენთვის ძალიან რთული ასატანი იქნება. იმედია, ყველაფერი, რაც კი ამდენი წლის განმავლობაში გვისწავლია, საქმეში გამოგვადგება.“

თუმცა 1977 წლის მიწისძვრის დროს დაზიანებული ერთი კორპუსის მაგალითი აჩვენებს, რომ ყველაზე მძიმე სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია და გამოსავალი არსებობს. შენობა თავიდან ბოლომდე შიგნიდან თუ გარედან არმატურით გაამაგრეს. საფასური ამ შენობის ბინადრებმა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიხედვით გადაიხადეს – კვადრატული მეტრი 500 ევრო დაჯდა.

კრისტინამ ამ კორპუსში ბინა რეკონსტრუქციის შემდეგ შეიძინა.

კრისტინა იორდაკე:

„ბინის ყიდვამდე ყველაფერი შევამოწმეთ. მოვიყვანეთ ინჟინერი და ყველაფერი დავათვალიერებინეთ. მერე სარემონტო კომპანიას ვკითხეთ, როგორ გაამაგრეს შენობა. ყველა საჭირო დოკუმენტს გადავხედეთ. ბინა ამის მერე ვიყიდეთ და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. რაც აქ ვცხოვრობთ, მხოლოდ ერთი მიწისძვრა მოხდა და თითქმის ვერ ვიგრძენით.“

ეს მაგალითი, იმედია,  სხვა შენობებზეც გავრცელდება. ექსპერტების შეფასებით, რუმინეთში რვა-ნახევარი მილიონი სახლიდან 35 პროცენტზე მეტი უბრალოდ მივიწყებულია.

ავტორი: ხულიან ლოპესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend