ამერიკელი პოლიციელი, დერეკ შოვინი, დამნაშავედ სცნეს მეორე და მესამე ხარისხის მვკლელობაში, ასევე გაასამართლეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მუხლით. გადაწყვეტილებისთვის 12-ივე ნაფიცი მსაჯულის ერთიანი პოზიცია იყო საჭირო.
მართმსაჯულების ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ რავინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა.
” აქ არ უნდა გავჩერდეთ. რეალური ცვლილებებისა და რეფორმების მისაღწევად, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი, რომ შევამციროთ მსგავსი ტრაგედიების ალბათობა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამავე თემაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმაც გააკეთა განცხადება, მისი თქმით, განაჩენი სამართლიანობისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს არ გააქრობს იმ ტკივილს, რომლითაც სხვადასხვა თაობა ცხოვრობდა.
“განაჩენი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს ტკივილს ვერ შეუმსუბუქებს. სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობისთვის“, – ამბობს კამალა ჰარისი.
დერეკ შოვინის გასამართლებას ტვიტერზე მომხმარებლების მხრიდანაც საკმაოდ დიდი რეაქცია მოჰყვა.
„დერეკ შოვინი გაასამართლეს არა იმიტომ, რომ რასიზმი დასრულებულია ან მართმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შეეშინდათ. ბრძოლა გრძელდება. პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ასევე წერდნენ იმასაც, რომ თეთრკანიანი ამერიკელი პოლიციელი არასოდეს ყოფილა გასამართლებული შავკანიანის სიკვდილის გამო. მათი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ასეთი 150 შემთხვევა დაფიქსირდა.
მომხმარებლების თქმით, დერეკ შოვინის გასამართლება ყველას ძალიან უხარია, თუმცა ეს არ არის დასასრული და რომ სამართლიანობისგან ამერიკა ჯერ კიდევ შორს არის.
ჯორჯ ფლოიდი მაღაზიაში ყალბი 20 დოლარიანი კუპიურით გადახდის გამო დაპატიმრების მცდელობისას, 2020 წლის 25 მაისს დაიღუპა. მისმა სიკვდილმა ბიძგი მისცა საპროტესტო აქციებს საპოლიციო სისასტიკის და რასიზმის წინააღმდეგ.