მთავარი საქართველო "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა" მთავრობის მუშაობის პირველი 100 დღე შეაჯამა

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა” მთავრობის მუშაობის პირველი 100 დღე შეაჯამა

პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობის დაკოპლექტებიდან პირველი ასი დღის მუშაობისა და წინასაარჩევნო დაპირებების თანხვედრა “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა” შეაჯამა.

იმის მიუხედავად, რომ ასი დღე შესაძლოა ყველა დაპირების სათანადოდ შესრულებისთვის საკმარისი არ იყოს, რამდენიმე მიმართულებით მკვლევრებმა დაპირებებსა და ქმედით ნაბიჯებს შორის დიდი აცდენა აღმოაჩინეს.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარი ნინო სამხარაძე ამბობს, რომ – „მთავრობამ 2024 წელს ქვეყანას და საკუთარ თავს მიზნად დაუსახა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაგზავნა, რაც ცალსახად დადებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ვხედავთ რომ ევროპული ინსტიტუტებიდან არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, ძლიერი კრიტიკა ისმის. ჩვენ, პრაქტიკულად ასევე უარი ვთქვით ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გამართული მედიაციით, შედეგის მიღწევაზე.

გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ და შემდგომაც „ქართული ოცნების“ ტრადიციული დაპირებაა რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით.

ყველაფერი ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსის გაცხადებულ და არსებულ რეალობასთან დაკავშირებით“.

ორგანიზაციის კიდევ ერთი მკვლევარი მმართველი პარტიის შიდა პოლიტიკის და დემოკრატიზაციის მიმართულებებს დააკვირდა.

გივი სილაგაძემ „ქართული ოცნების“ ასი დღის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასა და წინასაარჩევნო დაპირებებს შორის შედარებისას, შემდეგი დასკვნა გააკეთა.

„სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ არჩევნების შემდგომ პარლამენტის როლი უნდა გაძლიერებულიყო. ის უნდა გამხდარიყო მეტად ღია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. უნდა გაზრდილიყო მმართველი პარტიის ოპონენტების ჩართულობა ქვეყნის მართვის მრავალ საკითხში. პოლიტიკური პროცესები უნდა ყოფილიყო უფრო მეტად პლურალისტული და ინკლუზიური.

თუმცა, დღეს მივიღეთ ოპოზიციის გარეშე არსებული საპარლამენტო ცხოვრება, რაშიც ბუნებრივია წვლილი ოპოზიციასაც მიუძღვის და ასევე, დაძაბული პოლიტიკური ვითარება. საერთო შეჯამება რომ გავაკეთოთ, პარტია „ქართული ოცნების“ დაპირებები და საქმიანობა მკვეთრადაა აცდენილი”,- ამბობს გივი სილაგაძე.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მონიტორინგი, მეტი დემოკრატიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. მისი თქმით, ფაქტებზე დაფუძნებულ კრიტიკასთან ერთად, ორგანიზაცია ხელისუფლების მიმართ რეკომენდაციებით გამოდის.

“ბევრი ჩავარდნაა სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ზოგადი განვითარების კუთხით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საგარეო პოლიტიკის ბუნდოვანებით და სხვა. მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჯანსაღი კრიტიკა და ეს არის სამოქალაქო საზოგადოების დანიშნულებაც. თუმცა, მხოლოდ კრიტიკა არ არის გამოსავალი. აუცილებელია პროფესიონალური რეკომენდაციების გაცემაც. ჩვენს შეფასებებში ხელისუფლებას რეკომენდაციაც ეძლევა. თუ მას პოლიტიკური ნება ექნება რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ტრადიცია გვაქვს, რომ დიდი პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები ზოგადად სუსტია და აქცენტს უფრო ამომრჩევლის მონუსხვაზე აკეთებენ. არჩევნების შემდეგ კი დაპირებების უმრავლესობა არ, ან ვერ სრულდება“, –  აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მთავრობის ასდღიანი მუშაობის კვლევის პრეზენტაცია, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რამდნიმე ფუნდამენტურ საკითხს მოიცავდა.  მკვლევრების საერთო შეფასებით, დაპირებებისა და რეალობის შედარებისას – საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით, პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძლიერ კრიტიკას იმსახურებს. მმართველი პარტიიდან პრეზენტაციას მოწვევის მიუხედავად, არავინ დასწრებია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend