მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიჰაინც ბეკი - ვთვლი, რომ ის ვართ, რასაც მივირთმევთ

ჰაინც ბეკი – ვთვლი, რომ ის ვართ, რასაც მივირთმევთ

ჰაიმც ბეკი მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეულია. იგი უკვე რვა წელია რესტორან Social by Heinz Beck-ს ხელმძღვანელობს, რომელიც დუბაის პალმის კუძულებზე სასტუმრო Waldorf Astoria-ში მასპინძლობს კლიენტებს. იგი თანამედროვე იტალიური სამზარეულოს სთავზობს გურმანებს. თავისი ცხოვრების მანძილზე ჰაინც ბეკი მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ესტუმრა და თანამედროვე გასტრონომიაში დაოსტატდა. იგი მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა, რა გავლენას ახდენს საკვები ორგანიზმზე. ამიტომ კარგად იცის, რა მნიშვნელობა აქვს კვებას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰაინც ბეკმა იმაზეც ისაუბრა, როგორ უნდა დაძლიოს სარესტორნე ინდუსტრიამ ჯაბდაცვის კრიზისი.

 
ჩვენ ახლა გამოვდივართ  პანდემიიდან, რომელმაც  მთელი მსოფლიო დააზარალა. თქვენი აზრით, თქვენს ინდუსტრიას რა ზიანი მიადგა?

ჰაინც ბეკი:

რასაკვირველია, ჩვენს ინდუსტრიას ძალიან, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა. განსაკუთრებით იმ ევროპულ ქვეყნებს, საიდანაც მე ვარ. სარესტორნო ინდუსტრიას აღარ აქვს საკამრისი კაპიტალი, რომ მუშახელი დაიქირაოს. ამიტომ პატარა რესტორნებს, რომელთაც მცირე ფინანსური რესურსი აქვთ, ძალიან უჭირთ გახსნა. ამიტომ ძალიან დიდი დახმარება გვჭირდება არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის მხრიდანაც, რომ კლიენტები მალე დაუბრუნდნენ რესტორნებს და ნორმალურად იკვებონ, რადგან რესტორანში კვება ძალიან კარგია. ეს კარგია შენთვის, შენი სულისთვის, შენი ტვინისთვის, რომ თავი კარგად იგრძნო. სახლში გამოკეტვა და ურთიერთობებზე უარის თქმა… ეს უამრავ ადამიანს აყენებს ზიანს. და მათი დახმარება მხოლოდ სოციალური ცხოვრების აღდგენით შეიძლება.

თქვენ ცნობილი ხართ, როგორც თანამედროვე სამზარეულოს ოსტატი. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ჩემთვის ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთვლი, რომ ის ვართ, რასაც მივირთმევთ. ასე რომ, საკუთარ ორგანიზმს უფრო ვაძლიერებთ და ვაჯანსაღებთ, როცა სწორ საკვებს მივირთმევთ. ეს კი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პანდემიის გამო ბევრი ღელავს საკუთარ ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე. სწორი კვებით, საკვების სწორად გადამუშავებით, თქვენი იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერი იქნება. უკვე 20 წელია, კვლევებს ვატარებ, მრავალ საერთაშორისო დონის პროფესორთან ერთად სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩავატარე, თუ რა გავლენას ახდენს საკვები ორგანიზმზე.

კვების კულტურა ნიშნავს საკვების შერჩევას, პროდუქციის მოწევისა და ადგილზე მიტანის პროცესების მოწესრიგებას. ეს მთლიანი ჯაჭვის პირველი რგოლია და ზუსტად უნდა გაიწეროს. შემდეგი საფეხურია მისი შენახვა მაცივარში და სწორად დამუშავება, რომ, რაც ნოყიერია, ის მიკროელემენტები  არ დაიკარგოს, რადგან ისინი ძალიან მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისთვის. რასაკვირველია,  ძალიან მნიშვნელოვანია საკვების სწორად შერჩევა და პროდუქტის სეზონურად წარმოება, რადგან ზაფხულში მინერალებითა და წყლით მდიდარი საკვები გჭირდება, რადგან დღის განმავლობაში ორგანიზმი ოფლს გამოყოფს და დიდი რაოდენობით სითხეს, მინერალებს და მარილებს კარგავს. ამიტომ ეს ყველაფერი ორგანიზმს უკან უნდა დავუბრუნოთ.

რა უნდა გაკეთდეს ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ჭარბწონიანობა ბავშვებში? ასეთი პრობლემები როგორ უნდა მოგვარდეს  გლობალურ დონეზე?

ეს კომპლექსური საკითხია, მხოლოდ ერთი საკითხის გადაჭრით ვერ მოგვარდება. პირველ რიგში, სწორი კომუნიკაცია უნდა იყოს. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რა მიირთვან და რა – არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანს განსხვავებული საკვები სჭირდება და ყველას უნდა ვუთხრათ, რა არის მათთვის კარგი.

თქვენ გერმანიიდან ხართ, მაგრამ იტალიური სამზარეულოთი ხართ ცნობილი. რომელი ქვეყნისკენ იხრებით?

„არცერთისკენ. მე ევროპელი ვარ. რომის იმპერიის დროს ევროპა ერთი ქვეყანა იყო. რომის იმპერია იყო თურქეთიდან პორტუგალიამდე და ინგლისიდან იტალიამდე, ასე რომ, საბოლოო ჯამში  ყველას ერთი ძირი გვაქვს. და რატომ უნდა ვთქვათ, შენ ინგლისელი ხარ, მე იტალიელი ვარ? ან მე გერმანელი ვარ და შენ ფრანგი? საბოლოო ჯამში ყველას ერთი, ძალიან ღრმა ფესვი და მშვენიერი კულტურა გვაერთიანებს.  ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რომ ისევე გავძლიერდეთ, როგორც წინათ.“

თქვენ მიშლენის სამი ვარსკვლავი გაქვთ. ეს ცოტა არ იყოს დიდი წნეხი ხომ არ არის? მოლოდინს ამართლებთ?

რასაკვირველია, ცოტა რთულია და მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ვარსკვლავებს ვინარჩუნებ მრავალი წლის განმავლობაში. ეს  გეხმარება, საკუთარი გუნდის მოტივაცია აამაღლო,  ყოველ წელს  უკეთესი უნდა ვიყო, ყოველ წელს ახალი იდეით, ახალი კონცეფციით, ახალი პროდუქტით უნდა გამოვიდე, პოზიტიურად უნდა განვეწყო და დავეხმარო ჩემს გუნდს, უკეთესად იმუშაოს, რადგან კარგი, უკეთესი და საუკეთესო არ მთავრდება,  კარგი უკეთესი  უნდა გახდეს და უკეთესი – საუკეთესო და სულ ასე გრძელდება უსასრულოდ.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი  

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend