მთავარი გადაცემები გლობალური საუბარი დუბაის მზის ელექტროსადგური

დუბაის მზის ელექტროსადგური

განახლებადი ენერგიის განვითარება აჩენს იმედს, რომ ტექნოლოგიური მიღწევები, ისეთი, როგორიც დუბაის სამხრეთით უდაბნოში მდებარე მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მზის ელექტროსადგურია, კლიმატის ცვლილების პრობლემას წელში გადატეხს.

ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი  ელექტროსადგურია, რომელიც ფოტოვოლტაიკური პანელებით არის აღჭურვილი და მზის სხივებით 1000 მეგავატ საათ ელექტროენერგიას აწარმოებს. ეს ენერგია 320 ათას ოჯახს ამარაგებს.

 
მზის ელსადგურის მთავარი წილი დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის  კომპანიას DEWA-ს ეკუთვნის. კომპანია ელსადგურის განვითარების მეორე ფაზაში ენერგოწარმოების გაორმაგებას აპირებს, რის საშუალებასაც ელსადგურზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მზის ენერგიის კონცენტრირებული კოშკურას  დამონტაჟება მისცემს.

ამ კოშკურის სიმაღლე 260 მეტრი იქნება, რაც ეიფელის კოშკის სიმაღლეზე 60 მეტრით ნაკლებია. ეს კოშკურა იქნება აღჭურვილი 70 ათასი სარკისებრი ჰელიოსტატით, რომლებიც მზის სხივებს თერმულ ენერგიად გარდაქმნიან და 15 საათის განმავლობაში შეინახავენ.

დუბაის 2013 წელს შექმნილი  ელექტროსადგური განვითარების მეხუთე საბოლოო ფაზაზე  რამდენიმე წელიწადში გადავა. როდესაც ეს სადგური სრული დატვირთვით ამუშავდება, წელიწადში გარემოში 6.5 მილიონი ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გაიფრქვევა.

ამ მიზნის მიღწევას თავიდანვე გათვლილი საინვესტიციო სტრატეგია და სათანადოდ მომზადებული ადამიანური რესურსი სჭირდება.

Solar Innovation Centre-ის დირექტორის აეშა აბდულა ალნუაიმის მოსაზრებით, მზის ელექტროსადგურების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე ინფორმაცია ახალგაზრდებს მიაწოდონ.

„როდესაც ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე ჩააყენებ საქმის კურსში, მათ უკვე იციან, რა არის მზის ელექტროსადგურის პრობლემები და  როგორ გადაწყვიტონ ისინი,“ – ამბობს აეშა.

იგი თვლის, რომ განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევა ის არის რომ, ინოვაციები ძვირი ჯდება და თან  ხანგრძლივი კვლევაა საჭირო.

აეშა აბდულა ალნუაიმი, Solar Innovation Centre-ის დირექტორი:

„ამ ეტაპზე სირთულეს ქმნის მტვერი, რომლის გადასაწმენდად რობოტებს ვიყენებთ, მაგრამ ეს ძალიან ძვირია.  გარდა ამისა, აპარატურის ნიადაგის ჭუჭყისგან დამცავი ფენა ნანოტექნოლოგიებით მზადდება.  უკვე რამდენიმე ცდა ჩავატარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, რთულ პირობებში არცერთმა არ იმუშავა ეფექტურად. ამ მიმართულებით მეტი კვლევა და მეტი ინოვაცია გვჭირდება.“

იმ დროს, როცა დუბაი მზის ენერგიას ავითარებს და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებაზე მუშაობს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ძირითადი ნაწილი ჯერ ისევ ტრადიციულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. თუმცა სტრატეგიული ინვესტიცების დახმარებით,  ისინი დიდი ნაბიჯებით მიიწევენ წინ.

2019 წელს დუბაის მთლიანი ენერგომომარაგების სამი პროცენტი  მზის ელექტროსადგურზე მოდიოდა.

მანამდე დუბაი თითქმის 100 პროცენტით ბუნებრივ აირზე იყო დამოკიდებული. არაბთა გაერთიანებული საამიროები დღესაც, ფაქტობრივად, სულ  წიაღისეულ საწვავს იყენებს.

თუმცა ეს ქვეყანა  ეკოლოგიური ცვლილებების გატარებასაც ცდილობს ერთიანი „ენერგეტიკული სტარტეგია 2050“-ის ფარგლებში, რომელიც ელექტროენერგიის სექტორში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 70 პროცენტით შემცირებას ისახავს მიზნად. ეს მიზანი რომ შესრულდეს, საჭიროა მეტი ინვესტიცია განახლებადი ენერგიის სექტორში, მათ შორის უცხოური ინვესტიციებიც.

ჯაგანათან რამასვამი, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების დამოუკიდებელი ანალიტიკოსი:

„ენერგეტიკის ბაზრის დერეგულირება .ხდება.ამიტომ სულ უფრო მეტ მოთამაშეს მიეცა ენერგეტიკის სისტემაში მონაწილეობის უფლება. ისინი, როგორც ჩანს, ინვესტიციების ჩადებასაც აპირებენ.“

დუბაიში კომპანია DEWA-მ უკვე 9 მილიარდი ევრო მოიზიდა როგორც ინვესტიციების სახით, ისე საჯარო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში. არაბთა გაერთიანებული საამიროები მზის, ბირთვული და განახლებადი  ენერგიების კომბინაციის გზით მიდიან, როგორც ამას პარიზის 2015 წლის კლიმატის ხელშეკრულება ითხოვს. ასეთი მიდგომის მართვას კი  უფრო დახვეწილი ტექნოლოგია სჭირდება.

ჯაგანათან რამასვამი, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების დამოუკიდებელი ანალიტიკოსი:

„ჩვენი ლოზუნგია დეკარბონიზაცია, დეცენტრალიზაცია და გაციფრულება. ეს ყველაფერი დიდ მონაცემთა ბაზას მოითხოვს, მონაცემების ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და, შესაძლოა, ბლოკჩეინების ტექნოლოგიის გამოყენებასაც.“

ჯერჯერობით უცნობია,  როგორ გამოიყენებს განახლებადი ენერგიის სექტორი განვითარებულ ტექნოლოგიებს. დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ  მისი ბედი თანამედროვე გამომგონებლების ხელშია.

ავტორი: სალიმ ესაიდი

უახლესი

სხვა ამბები

დაუბაისდაუბაის

Send this to a friend