ქართველ ფერმერებს, ვისაც საკუთარი მეურნეობა და გამართული ტურისტული გარემო აქვთ, საშუალება ეძლევათ აგროტურიზმით დაინტერესებული უცხოელები მოიზიდონ.
Agrogate.world ახალი ონლაინ პლატფორმაა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა სერვისი.
პროექტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება და მისი პრეზენტაცია კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში გაიმართა.
ამ სოფელში უზარმაზარ ტერიტორიაზე ნუშის პლანტაციაა გადაჭიმული.
უდაბნოს ჰაბიტატი აგრონომიული ინტერესის მქონე ტურისტებისათვის მიმზიდველ სივრცეს ქმნის.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, ასეთი საინტერესო ადგილები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ერთ ონლაინ სივრცეში გააერთიანა.
ვებგვერდზე ფოტო მასალასთან ერთად ორ ენაზე შექმნილი ვიდოები განთავსდება, რაც მომხმარებელს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას გაუმარტივებს.
პლატფორმა Agrogate.world-ის გარდა, კიდევ 5 ონლაინ გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
„აგროტურიზმი, როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. გადაღლილი ადამიანი თავს სულ უფრო ხშირად აფარებს ბუნებას, სოფელს, ეფლობა პასტორალურ ცხოვრებაში – მონაწილეობს სოფლის მეურნეობაში, უვლის შინაურ ცხოველებს, მუშაობს მიწაზე, ინტერესდებიან სოფლად შემორჩენილი უძველესი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით. ჩვენ ვეცადეთ ისეთი პლატფორმა შეგვექმნა, სადაც ყურადღბის მიღმა არავინ დარჩება. ეს იქნება გზა, ფერმერებმა მიიღონ უცხოელი და ადგილობრივი ტურისტები, დაასაქმონ მეტი თანამოქალაქე და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის პრეზენტირება და რეალიზაცია“, – განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ.
განტვირთვა-დასვენებასთან ერთად, აგროტურიზმი თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესში გარკვეულ კონკურენციასაც გულისხმობს, რაც ამ სფეროს სწრაფი განვითარების პერსპექტივას ზრდის.
აგროტურიზმის, როგორც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პროექტების ერთობლიობას, ეკონომიკური წინსვლის ახალ მიმართულებად მიიჩნევენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები. ოფიციალური პირები, მსგავსი პროექტების ხელშეწყობის პირობას დებენ.
„საქართველოს ბუნება მდიდარია იმისათის, რომ ეკოტურიზმი, აგროტურიზმი კარგად განვითარდეს. მოქალაქაქეების, კერძო სექტორის, ფერემერების, ასოციაციებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელია პოსტკოვიდურ რეალობაში ახალი მიმართულება მოიძებნოს, რომ მეტი ადამიანი დავაინტერესოთ მსოფლიოს გარშემო ჩვენი ქვეყნით. აგროტურიზმი ნამდვილად იქნება ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება, რის განვითარებასაც ხელს შევუწყობთ“, – თქვა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
პანელურ დისკუსიას დაესწრნენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის იყვნენ იმ სახელმწიფოების ელჩები, რომელთაც საქართველოში არაერთი პროექტი, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით აქვთ დაფინანსებული.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოში აგროტურიზმის კარგ პოტენციალს ხედავს.
„ეს ახალი პლატფორმა და ეს გარემოც, იმის ნათელი მაგალითია თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს აგროსექტორისა და აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით. პლატფორმა მთელი მსოფლიოდან ტურისტებს საშუალებას აძლევს ჩამოვიდნენ და გაიცნონ ქართული სოფელი. ეს თანამედროვე ციფრული პლატფორმა ნამდვილად ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის წინსვლას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ქართველი ფერმერების მხარდაჭერისა და მათი ცნობიერების ამაღლებისათვის, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს ქმნის. სოფლის მეურნეობის, პროფესიული სწავლების, ტურიზმისა და დასაქმების სფეროს გაციფროვნება, პოსტკოვიდურ ეპოქაში სექტორს, ახალი გამოწვევების დაძლევისა და კრეატიული სტარტაპების შექმნის საშუალებას მისცემს.
ალეკო გვეტაძე