დღეს ახალგაზრდების უმეტესობამ იცის რა არის თავისუფლება. მათი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადა.
თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც 9 აპრილს დაიწყო მშობლების მიერ მოყოლილ ამბებში ცოცხლდება. ზოგი ამბობს, რომ ამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია დაიწყო, ზოგი კი იმას, რომ, რომ 9 აპრილს საბჭოთა კავშირის დასასრული დაიწყო.
ევრონიუს ჯორჯიამ ქუჩაში ახალგაზრდებს კითხვით მიმართა: „რა იცით 9 აპრილის მოვლენების შესახებ?“
პასუხები ასეთი იყო:
„მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, 21 ადამიანი დაიღუპა, ბევრი რამე მახსოვს, მაგრამ კონკრეტულად და დეტალურად ისტორიული ფაქტების გადმოცემა არ შემიძილია“
„რაც ვიცი 9 აპრილზე არის ის რომ სქართველო ყოველთვის რუსეთის მართველობის ქვეშ იყო… თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, უამრავი ადამიანი გამოვიდა საკუთარი უფლებების დასაცავად“
„ამ დღეს ბევრი ადამიანი დაიღუპა…ისეთი რაღაცეები მოხდა.. ტანკების ქვეშ წვებოდა ხალხი..“
„9 აპრილის შესახებ როგორც ბევრმა ქართველმა მეც ვიცი, რომ ეს ყველაფერი 1989 წელს მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს, 19 თუ 21 ადამიანი შეეწირა ამ ამბავს. ეს მაშინ მოხდა როცა მივხვდით, რომ თავისუფლება გვსურდა. „
„ ვიცი რომ 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქცია დაარბიიეს რუსთაველზე ეს მშობლების მოყოლილით ვიცი. ჩემი აზრის სკოლის წიგნებში ამის შესახებ არც უნდა ეწეროს არაფერი, რადგან ახალგაზრდებს დასტრესავ იმის ცოდნა რომ ახალგაზრდები რუსეთის ჯარმა შეიწირა.“
მეთორმეტე კლასის სახელმძღვანელოში, 9 აპრილს ერთი თავი ეძღვნება, რომელსაც ასე ჰქვია „საქართველო გარდაქმნის პერიოდში“.
ისტორიის მასწავლებელი ნათია შიუკაშვილი ამბობს, რომ 9 აპრილის მოვლენები სასწავლო პროგრამაში მეცხრე კლასიდან ისწავლება, თუმცა მიუხედავად ამისა ხშირად ამ საკითხით უმცროსკლასელებიც ინტერესედებიან.
„წიგნით არ შემოვიფარგლებით არასდროს, მითუმეტეს 9 აპრილთან დაკავშირებით. მაშინ როცა გვაქვს, სიუჟეტები, კადრები და დოკუმენტური ჩანაწერები“,-ამბობს ისტორიის მასწავლებელი ნათია შიუკაშვილი
9 აპრილს წელსაც იხსენებენ. მანამდე კი თაობას, რომელსაც არასდროს უცხოვრია საბჭოთა კავშირში, სიტყვა „თავისუფლება“ ფერად კედელზე გადააქვს და ცდილობს არასდროს დაივიწყოს, რას ნიშნავს თავისუფლება.