მთავარისაქართველო9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის მთავარი მოქმედი პირებიდან უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის, ნაწილი კი აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა. 32 წლის შემდეგ – თბილისში, უკვე თანამედროვე პოლიტიკოსები კვლავ იხსენებენ 9 აპრილის ტრაგედიას. წლები გადის, იცვლებიან პოლიტიკოსები, თუმცა ეს ტრადიცია არ იცვლება. ყოველ წელს, პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალს სიმბოლურად ტიტებით ამკობენ. სწორედ ეს ყვავილია 9 აპრილის ერთ-ერთი სიმბოლო.

„9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს. გამოიხატება იმაში, რომ თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას, ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის მიმართ ბოლომდე შეგნება თუ რას ნიშნავს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. მისი განმარტებით, არ შეიძლება, საქართველოში აღინიშნებოდეს 9 აპრილი და ამავდროულად ქართველ ერს არ ესმოდეს, რომ მათი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა. მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა.

„9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში, დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია და ჩვენი ბრძოლა გრძელდება იმისათვის, რომ საქართველო იყოს სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

9 აპრილის მემორიალთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის გზა, რომელიც ათეულობით წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ გრძელდება და ქართველმა ერმა რეალური თავისუფლება უნდა მოიპოვოს.

„გილოცავთ 9 აპრილს, იმიტომ, რომ ეს არის დღე, როცა აღდგა ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს არის დღე, რომელიც არის სიმბოლო ეროვნული თანხმობის, ეროვნული ერთობის, ერთიანობის და როდესაც ერთად ვდგავართ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია, უძლიერესი სახელმწიფო ავაშენოთ. ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის გზა, რომელიც დაიწყო 30 წლის წინ, ჯერ კიდევ გრძელდება, იმიტომ, რომ რეალური თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ“, – თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე არის და ეს დღე ჩვენს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან თარიღად მომავალშიც დარჩება. ტრაგიკული დღეა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამ დღეს ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ამ მანქანამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, ამავე დროს, არის ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეც, ამ ტრაგედიის ფონზე. ეს არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა საკუთარი თავისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ვიყოთ ამ ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის, ან მისი მემკვიდრის – დღეს რასაც პუტინის რუსეთი წარმოადგენს – კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, 32 წლის წინ ამ დღეს, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას.

„მოდით, მომავალს თვალი სიამაყით გავუსწოროთ, რადგან ჩვენ ამერიკელები და ქართველები ვზეიმობთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend